“ჰამასის” 24 ბატალიონიდან 17 განადგურებულია” – ბენიამინ ნეთანიაჰუ
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) “ჰამასის” 24 ბატალიონიდან 17-ის განადგურება შეძლეს.
ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თელ-ავივში, სამხედრო კაბინეტის სხდომაზე თქვა.
„პირველ ყოვლისა, ჩვენ უნდა მივაღწიოთ “ჰამასის” ბატალიონების რაოდენობის შემცირებას. დღეისათვის 24 ბატალიონიდან 17-ის განადგურება შევძელით. დარჩენილი ბატალიონების უმეტესობა ღაზას სექტორის სამხრეთით და რაფაში მდებარეობს და ჩვენ ვიზრუნებთ მათზეც“, – თქვა მან.
ნეთანიაჰუმ დასძინა, რომ, “ჰამასის” ბატალიონების დაშლის შემდეგ, ისრაელის სამხედროებს მოუწევთ „გასუფთავების ოპერაციების“ ჩატარება, რომლის მსგავსს ამჟამად ისინი „ძალიან აგრესიული რეიდების“ სახით, ღაზას სექტორის ჩრდილოეთსა და ცენტრში ახორციელებენ.
„მესამე, აუცილებელია მიწისქვეშა გვირაბების განეიტრალება, რასაც ჩვენი ძალები სისტემატიურად აკეთებენ ხან-იუნისში და ღაზას სექტორის ყველა ნაწილში და ამას მეტი დრო სჭირდება“, – თქვა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი არ დაასრულებს ომს, სანამ ყველა მიზანს არ მიაღწევს – “ჰამასის” განადგურებას; გატაცებული ადამიანების დაბრუნებას და „დაპირების მიღებას, რომ ღაზას სექტორი ისრაელს საფრთხეს აღარ შეუქმნის”.
გამოსვლის დასასრულ, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ „დადგა დრო, დაიწყოს UNRWA-ს სხვა ორგანიზაციებით ჩანაცვლების პროცესი, რომელთა რეპუტაცია ტერორიზმის მხარდაჭერით არ არის შელახული”.