მამუკა არეშიძე: საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში როდესაც ხარ პოლიტიკური ლიდერი, სიტუაცია კბილებით უნდა გეჭიროს – ეს აქსიომაა

“კავკასიის დაკარგვა რუსეთისთვის წარმოუდგენელია, ეს მისთვის დიდი კატასტროფის ტოლფასია. კრემლი ძალიან მარტივად წირავს შორეული აღმოსავლეთის უზარმაზარ ტერიტორიებს ჩინეთის სასარგებლოდ, მაგრამ კავკასიასთან დაკავშირებით ამას არასოდეს გააკეთებს. რუსეთის პოლიტიკურ ისტორიას თუ გადავხედავთ, მას იმდენი რესურსი და ენერგია აქვს დახარჯული კავკასიის შეერთებასა და შავ ზღვაზე კონტროლის მოპოვებაში, რომ ჩემი აზრით, გამორიცხულია, დათმოს”,- ამის შესახებ ექსპერტი, მამუკა არეშიძე “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, რეგიონი ყოველთვის იქნება პოტენციური დაძაბულობის კერა, შესაბამისად საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში როდესაც ხარ პოლიტიკური ლიდერი, სიტუაცია კბილებით უნდა გეჭიროს – ეს აქსიომაა.

“უნგრეთთან ჭიდაობა განპირობებულია სახის შენარჩუნების ცდით, თორემ რა უნდა გააკეთოს 8-მილიონიანმა უნგრეთმა? რა ისეთი სამხედრო წარმოება აქვს, რომ რაღაც გავლენა ჰქონდეს? უნგრეთის პოზაში დგომა არ მოსწონთ ბრიუსელში და ეს გასაგებიცაა, თუმცა ორბანს აქვს თავისი არგუმენტები და ერთ-ერთია ფსევდოლიბერალური ნარატივის მიუღებლობა, რასაც მე პირადად მხარს ვუჭერ. დასავლეთ ევროპაში ეს ფეხმოკიდებულია, მაგრამ მიუღებელია ორბანისთვის და უნდა ითქვას, რომ აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის ლიდერისთვისაც. უბრალოდ, ვერ ბედავენ ორბანივით აგრესიულად საუბარს. ცხადია, ორბანი ორმაგ თამაშს თამაშობს. მე ძალიან კარგად ვიცი ორბანის გარემოცვის მოსკოვური ურთიერთობების ისტორია, ვის რა აქვს დამთავრებული და ვინ ვისი თანამერხელი იყო. ამიტომაც უნგრეთის დღევანდელი ხელისუფლების პოზიცია მოსკოვთან დამოკიდებულებაში, ასე ვთქვათ, დამყვავებლურია.

რაც შეეხება კითხვას, “ბოლო პერიოდში გახშირდა ლაპარაკი ევროკავშირის სისუსტეებზე და ორბანის ასეთი პოლიტიკა აჩვენებს თუ არა, რომ პრობლემები სერიოზულია?” – ჯერ ერთი, ვითარება დაძაბულია დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკურ ხელმძღვანელობებს შორის და ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს ბრიუსელისა და ვარშავის დამოკიდებულებაში. გარდა ამისა, დასავლეთ ევროპის დასავლეთი ნაწილი, “ძველი ევროპა”, ძალიან დაეჩვია უსაფრთხოების საკითხში აშშ-ის იმედად ყოფნას, ცხადია, დიდი ბრიტანეთის გარდა. შესაბამისად, მათ შემცირებული აქვთ სამხედრო ხარჯებიც და უსაფრთხოებაზე ზრუნვაც. ყოველ შემთხვევაში, იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს კოლექტიურ დასავლეთს აქვს, რაც უპირველესად განპირობებულია რუსეთის პოლიტიკით, შესაძლებელია, მაგალითად, მადრიდში რეაგირება არ ჰქონიათ (ცხადია, მადრიდი პირობითად ვახსენე). საფრანგეთშიც დაახლოებით მეტ-ნაკლებად ანალოგიური ვითარება იყო, გერმანია კი სწორედ რუსეთისგან იაფად მიღებული ენერგორესურსებით ევროპის პირველი ეკონომიკა გახდა, რის გამოც გერმანია მოსკოვზე დამოკიდებული აღმოჩნდა და როდესაც ეს იაფი რესურსი მოისპო, გერმანიას ძალიან გაუჭირდა ახალ ეკონომიკურ რელსებზე გადაწყობა, ეს კი საზოგადოებას დაეტყო. გერმანია დაეჩვია ეკონომიკურად მოსკოვის ხარჯზე ყოფნას. მოსკოვის პოლიტიკის ნაწილიც ეს არის, რომ დასავლეთ ევროპაში ამ ფორმით მაინც შეეღწია და გაეკონტროლებინა და არა იმიტომ, რომ კრემლში ვინმე გერმანიაზე გიჟდება – ანუ ეს ყველაფერი რუსული რბილი ძალის ნაწილია, რაც რუსეთისთვის მართლა მომგებიანი აღმოჩნდა და პრობლემები შეუქმნა ევროპას, აღმოსავლეთ ევროპამ კი უფრო კარგად იცის, რასთან აქვს საქმე. ათწლეულების განმავლობაში მოსკოვთან ერთად ერთ ბლოკში იყვნენ და ამიტომ იციან, ვისთან აქვთ საქმე და ცდილობდნენ მობილიზებული ყოფილიყვნენ გამოწვევების შემთხვევაში. ცხადია, ეს უნგრეთს არ ეხება, დანარჩენებს ვგულისხმობ. პრინციპში, უნგრელმა საზოგადოებამაც იცის ყოველივე ეს, მაგრამ ურბანის ხელისუფლება სხვანაირად იქცევა. ასეა თუ ისე, ის მინდა ვთქვა, რომ უკრაინაში რუსეთის ომმა გამოაჩინა ევროპის ყველა პრობლემა. ისიც უნდა ითქვას, რომ როდესაც სანქციებზეა ლაპარაკი, ძალიან ხშირად ვაწყდებით ევროპული ქვეყნების ან მსხვილი ევროპული კორპორაციების თუ კერძო კომპანიების მიერ სანქციების დარღვევის ფაქტებს. მაგალითად, არ იცის ჰოლანდიის მთავრობამ ან როტერდამის პორტის ხელმძღვანელობამ, როგორ ხდება რუსული ნავთობის გადმოტვირთვა ღია ზღვაში სხვა ქვეყნის დროშით მცურავი ტანკერებიდან? შესაძლოა ეს ბოლო დღეებში არ ხდება, მაგრამ ზაფხულში ხომ იყო ამის ფაქტები? შეიძლება გავიხსენოთ ბევრი სხვა შემთხვევაც. ახლახან გამოაშკარავდა, რომ ლატვიამ და ლიეტუვამ ერთობლიობაში რუსეთთან 170 მილიონი ღირებულების ალკოჰოლიანი სასმელები ივაჭრეს ამ სანქციების დროს. შესაძლოა ეს არც ისეთი მნიშვნელოვანია, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ სანქციების დარღვევით ხდება? ყველაზე მძიმე კი ის არის, რაც ენერგორესურსებთან დაკავშირებით ხდება. არაერთხელ ითქვა, რომ ბარელ ნავთობში 60 აშშ დოლარზე მეტი არ უნდა გადაიხადონ, მაგრამ როდესაც სჭირდებათ, კულუარულად მაინც ყიდულობენ 70-80 დოლარად. აღარაფერს ვამბობ იმაზე, ბულგარეთი რომ დღემდე ოფიციალურად ყიდულობს რუსეთისგან, რადგან ბრიუსელმა დაუშვა, თითქოს სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ. მოკლედ, ასეა თუ ისე, სანქციების დარღვევამ მიიღო ინტენსიური სახე და ძალიან კარგად გამოაჩინა, რომ ევროპაში, სამწუხაროდ, არ არის ერთიანობა.

ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ამერიკაზე. ისიც უნდა ითქვას, რომ დიდმა ბრიტანეთმა ძალიან ბევრი დაკარგა არმიის რეორგანიზაციის და რეფორმირების გამო. სასაცილოა, რომ ბრიტანეთს, რომელიც თავის დროზე ნახევარი მსოფლიოს მფლობელი იყო, დღეს მხოლოდ 75-ათასკაციანი არმია ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, დაზვერვა მაინც ჰყავს და სპეცსამსახურები ძალიან კარგად მუშაობენ. ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული ამ ორ ქვეყანაზე, სხვანაირად რომ ვთქვათ, ანგლოსაქსებზე. აშშ-ის ფინანსურმა და ეკონომიკურმა წრეებმა დაიწყეს რევერსული მოქმედება, ეკონომიკის გადაწყობა 60-70-იან წლების დროინდელ რელსებზე ანუ დაიწყეს თავის ქვეყანაში წარმოების დაბრუნება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან დღეს აშშ ფორსირებულად ცდილობს დააჩოქოს ჯერ რუსეთი და მერე ჩინეთი. ამისთვის უკვე ბევრი რამ გაკეთდა და, თუ შტატებმა მოახერხა ამ ეკონომიკური პლატფორმის რეალიზაცია და ევროპელი ლიდერების დარწმუნება (და მგონია, მოახერხებს), რომ საჭიროა ბიუჯეტის გაზრდა უსაფრთხოების სისტემების, არმიის სრულყოფისათვის, მაშინ შენარჩუნებული იქნება ის სტრუქტურა, რასაც ევროკავშირი ჰქვია.

ტრამპი ამბობს ერთ რაღაცას, ომს დავამთავრებ ერთ თვეშიო, რაც, ჩემი აზრით, სიმართლე ვერ იქნება. ჯერ ერთი, ერთ თვეში ვერც ვერაფერს დაამთავრებს და მეორეც, არ დაამთავრებს. ეს მხოლოდ წინასაარჩევნო განცხადებებია. არც ტრამპზე და არც ბაიდენზე არ არის დამოკიდებული ბევრი რამ, რადგან აშშ-ის არსებობის ლოგიკა ორიენტირებულია იმაზე, რომ ის ფლობდეს მსოფლიოს ეკონომიკურ და ფინანსურ სადავეებს. ეს მიდგომა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დამდეგს ჩამოყალიბდა, მას შემდეგ ეს ტენდენცია გრძელდება და რადგან აშშ თვლის, რომ ამერიკა მუდმივად დომინანტური ქვეყანა უნდა იყოს, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსული რესურსები. ამაში მხოლოდ ენერგეტიკული რესურსები არ იგულისხმება, ბევრი სხვა რამეც, მათ შორის, მტკნარი წყალი. ამიტომ არ მოეშვებიან რუსეთს, ვიდრე არ გაიხდიან უმცროს პარტნიორად, აშშ რუსეთს ჩინეთს არავითარ შემთხვევაში არ დაუთმობს. ეს პოლიტიკა არ შეიცვლება და ყველა ლიდერი მოინდომებს, ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ამიტომ ტრამპი იქნება თუ ბაიდენი, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ნუ ვიტყვით, რომ დღეს რუსეთი წამგებიან სიტუაციაში არ არის, მიუხედავად იმ წინსვლისა, რაც ფრონტის ხაზზე აქვს. ჯერ ერთი, შესაძლოა წამგებიანში არ არის, მაგრამ არც მომგებიანშია, გამარჯვებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. უზარმაზარი დანაკარგი აქვს ორივე მხარეს და ზალუჟნის განცხადებისა არ იყოს, მართლაც ჩიხური სიტუაციაა. მიუხედავად იმისა, რომ რუსული წარმოება გადაეწყო და სამხედრო წარმოება მუშაობს, ძალიან ბევრი რამეა მაინც დამოკიდებული დანარჩენ მსოფლიოზე… მე რუსეთის მასშტაბით ასეთ გადატრიალებას არ ველი. სხვათა შორის, ისტორიას თუ გავიხსენებთ, რომ არა პირველი მსოფლიო ომი, ვერავითარი ბოლშევიკური პარტია და ვერავითარი უცხოური დახმარება სიტუაციას ვერ შეცვლიდა, რადგან რუსი ხალხის ფსიქოლოგია სხვანაირია. რუსეთი ისეთ მდგომარეობაში უნდა ჩავარდეს, რომ იძულებული გახდეს ჩაჯდეს დასავლური პოლიტიკის ნარატივში, როგორც 1990-იან წლებში.

დავიწყოთ იმით, რომ ყარაბაღში ჯერ არაფერი მოგვარებულა. აზერბაიჯანისთვის შეიძლება მოგვარდა, მაგრამ მადა ჭამაში მოდისო, და დღეს ალიევის განცხადებები ორიენტირებულია საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხზე, იმ ტერიტორიებზე, სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ ყარაბაღის მოვლენებამდე. გარდა ამისა, რუსეთის თემა ყარაბაღის საკითხში ბოლომდე არ არის გარკვეული. რუსეთმა დაუშვა ძალიან მძიმე შეცდომა, რადგან ფაშინიანს ვერ იტანდა, როგორც თავის დროზე საქართველოში შევარდნაძეს, და მიუშვა პროცესი. საბოლოოდ ეს დამთავრდა იმით, რომ ფაშინიანი არ გაიწირა, მაგრამ გაიწირა სომხეთი და მისი გავლენა ძალიან შემცირდა. ახლა კი ცდილობს ეს ყველაფერი უკან დაიბრუნოს. კავკასიის სივრცეში ძალიან ბევრი მსხვილი მოთამაშე ოპერირებს, განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში. ეს არის კოლექტიური დასავლეთი, რუსეთი, თურქეთი, ირანი და ახალი მოთამაშე – ჩინეთი. ამდენი ხალხი რომ არის ჩართული ამ პატარა რეგიონში, წარმოიდგინეთ, როგორი ქაოსი იქმნება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ სიტუაციის კარგად აღქმითა და მოქნილი პოლიტიკით ამ ვითარებაშიც შეიძლება სტაბილურობის შენარჩუნება. საქართველოს დღევანდელი მთავრობის პლუსიც ეს არის – ამ ვითარებას ალღო აუღო და ახლა იმაზე უნდა ვიზრუნოთ, შემდგომში რა მოხდება. უნდა ვიცოდეთ, რომ არც ერთი მსხვილი მოთამაშე ამ პროცესს არ დატოვებს ისე, რომ თვითონ მისი გავლენა არ ჩანდეს. აუცილებლად მოინდომებენ გააქტიურებას, როგორც არაერთხელ ყოფილა ისტორიაში, ამიტომ ერთი და იგივე შეცდომა არ უნდა დავუშვათ.

რადგან საქართველო სამხრეთ კავკასიაში მაინც დასავლეთის მოკავშირედ ითვლება და ასეც არის, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი ურთიერთობები, როგორიც სააკაშვილის დროს იყო, ახლა აღარ არის, ვგულისხმობ იმ დამოკიდებულებას, რაც არ უნდა ეთქვათ, ყველაფერი რომ მისაღები იყო. ახლა ასეთი ურთიერთობები აღარ არის, კამათიც ბევრია, მაგრამ თავად გეოპოლიტიკური მდგომარეობა განაპირობებს, რომ მხარეებმა გვერდით გადადონ კონფლიქტური თემები და თანამშრომლობის ფორმატი შექმნან. საქართველო პატარა, 3.5-მილიონიანი ქვეყანაა და მთელი მსოფლიო თბილისის გარშემო ვერ იტრიალებს, რაც არ უნდა გვეგონოს ასე. საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობა განაპირობებს ამ უზარმაზარ ინტერესს და ეს ინტერესი უნდა გავიაზროთ, გამოვიყენოთ და შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ.

რაც შეეხება ფაშინიანს, ის ძალიან კარგად ხვდება, თუ საქართველოს რა როლი აქვს რეგიონში. ამიტომაც მაქსიმალურად ცდილობს გადაიხაროს დასავლეთისკენ და მისი ბოლო განცხადებებიც, რომ რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა აღარ არის საჭირო, ამას მოწმობს. დასავლეთთან მისი გამტარებელი, მისი ფლაგმანი საქართველოა და ამიტომაც მისთვის ამ სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტზე ხელმოწერა აუცილებელი იყო. ფაშინიანის ქმედებებში სწორედ ეს ლოგიკაა – დასავლეთისკენ საქართველოს გავლით. არავითარ შემთხვევაში და საერთოდ, დღეს ნატოში გაწევრების არავითარი შანსი არა აქვს არც საქართველოს, არც უკრაინას, არც მოლდოვას და მით უმეტეს, არც სომხეთს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი რეგიონისთვის ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინაში. რაც შეეხება ნატოს განცხადებას, დიდ პოლიტიკაში ზოგჯერ ხდება განცხადებების გაკეთება და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა არა იმისთვის, რომ ამ ნაბიჯს ვიღაცის სადღაც გაწევრებისთვის კონკრეტული რეზულტატი ჰქონდეს, არამედ იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის რეაქციას დაელოდონ და ეს რეაქცია შეფასდეს. ასე მგონია ამ შემთხვევაშიც – შეხედავენ, რას იზამს მოსკოვი და მერე მიიღებენ გადაწყვეტილებას.

კავკასიის დაკარგვა რუსეთისთვის წარმოუდგენელია, ეს მისთვის დიდი კატასტროფის ტოლფასია. კრემლი ძალიან მარტივად წირავს შორეული აღმოსავლეთის უზარმაზარ ტერიტორიებს ჩინეთის სასარგებლოდ, მაგრამ კავკასიასთან დაკავშირებით ამას არასოდეს გააკეთებს. რუსეთის პოლიტიკურ ისტორიას თუ გადავხედავთ, მას იმდენი რესურსი და ენერგია აქვს დახარჯული კავკასიის შეერთებასა და შავ ზღვაზე კონტროლის მოპოვებაში, რომ ჩემი აზრით, გამორიცხულია, დათმოს. თვითონ არაფრის დამთმობი არ არის და უნდა დაათმობინო, შეუცვალო პოლიტიკა. თუნდაც ყარაბაღის საკითხი ავიღოთ – მიუხედავად იმისა, რომ იქ სერიოზული პოლიტიკური მარცხი იწვნია, მაინც ცდილობს შეცვალოს მდგომარეობა. აფხაზეთიც არ დაგვავიწყდეს – მიუხედავად იმისა, ამხელა რესურსს ხარჯავს უკრაინაში, მაინც გამონახა რესურსი იმისთვის, რომ აფხაზეთში მოიქცეს ისე, როგორც იქცევა. სხვათა შორის, იგივე ხდება სამხრეთ ოსეთშიც, თუმცა, ცხადია, მასშტაბი სხვა არის. აზერბაიჯანთანაც უკვე დაიწყო ბრჭყალების გამოჩენა, მაგრამ ჯერ კულუარულად – ჩრდილოეთ აზერბაიჯანში მცხოვრები ლეკების მეშვეობით შექმნა პრობლემა. მოკლედ, ასეა თუ ისე, ჩვენი რეგიონი ყოველთვის იქნება პოტენციური დაძაბულობის კერა და აქაურ პოლიტიკურ ელიტებზე დიდად არის დამოკიდებული, თუ როგორ მოახერხებენ სიმშვიდის შენარჩუნებას. საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში როდესაც ხარ პოლიტიკური ლიდერი, სიტუაცია კბილებით უნდა გეჭიროს – ეს აქსიომაა”,- განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები