ბიძინა ივანიშვილის მოსაზრება ნებისმიერ საკითხზე გუნდში მუშავდება და იხილება, ოპოზიციის ამოცანა წყლის ამღვრევაა, რომ როგორმე პატარა თევზი მაინც დაიჭიროს – გია ვოლსკი

“ივანიშვილის მოსაზრება ნებისმიერ საკითხზე გუნდში მუშავდება და იხილება – ოპოზიციის ამოცანა მხოლოდ დისკრედიტაციის სტრატეგიის განვითარება და წყლის ამღვრევაა, რომ როგორმე პატარა თევზი მაინც დაიჭიროს”, – ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს „ქართულ ოცნებასა“ და სამთავრობო გუნდში ცვლილებებთან დაკავშირებით.

„ბიძინა ივანიშვილის მოსაზრება არასდროს ყოფილა ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ასე რომ, მისი მოსაზრება, ნებისმიერ საკითხზე, თუნდაც, საკადრო ცვლილებებზე, არის თემა, რომელიც კარგა ხანი მუშავდება და იხილება. თუკი მას აქვს გარკვეული მოსაზრებები, ამხელა გამოცდილების მქონე ადამიანს, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული და ვერც ერთ ხინჯს ვერ დამისახელებთ მის მოქმედებაში ან თუნდაც, ანალიზის უნარში, ამაში გასაკვირიც არაფერი უნდა იყოს. ისე ახსენებენ ივანიშვილის მოსაზრებას, გეგონება არაფერი აქვს გაკეთებული და არ უჩვენებია საზოგადოებისთვის რას ნიშნავს თავდადება და ინტელექტუალური მართვა გინდ პარტიის, გინდ – მთავრობის. ასე რომ, ოპოზიციის ამოცანა მხოლოდ დისკრედიტაციის სტრატეგიის განვითარება, წყლის ამღვრევაა, რომ იქ როგორმე პატარა თევზი მაინც დაიჭიროს.

ინიციატორი რომც ყოფილიყო, ეს ის თემა არ არის, რომელიც მისი ინიციატივით და ერთპიროვნული გადაწყვეტილებით იქნა მიღებული. ვისგან მოდის წინადადება, მოსაზრება – თავად ირაკლი ღარიბაშვილი. თქვეს კიდეც ჩემმა კოლეგებმა, რომ რასაკვირველია, იყო ამ მოსაზრების ძალიან მყარი მხარდამჭერი, ინიციატორი გარკვეულ ასპექტში, ვინაიდან, თავად გადაწყვიტა, რომ არა ზაფხულში, არამედ თებერვლის დასაწყისში სჯობდა ამ ცვლილების განხორციელება. ასე რომ, როცა გუნდში რაიმე საკითხი იხილება, გინდა ივანიშვილისგან წამოყენებული თემა, თუ ნებისმიერი ჩვენგანის, ეს ნიშნავს სიღრმისეულ ანალიზს. მე არ მგონია, რომ ჩვენს ოპონენტებს ბევრი დარჩათ სალაპარაკო ამ თემაზე”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები