არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ ლაშა ტუღუშს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში ადანაშაულებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიცია“ ლაშა ტუღუშს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში ადანაშაულებს, – ამის შესახებ ორგანიზაციის დირექტორმა გურამ ადამაშვილმა „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, ტუღუში იმ ფონდიდან ფინანსდება, რომლის სათავეშიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არიან.
“ჩატარებული კვლევების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში სამი დიდი წამყვანი ფონდის: USAID-ის, „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს უკან, რომლებიც ლობირებას უწევენ თავისივე დაარსებულ, ან უმეტეს შემთხვევაში გადაბირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დგანან დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და ყოფილი მაღალჩინოსნები, კერძოდ: გიორგი ბარამიძე, დავით დარჩიაშვილი, თემურ იაკობაშვილი, კახა ბენდუქიძე, ლევან რამიშვილი და გია ნოდია.
ამ დაფინანსებით 2007 წლიდან სარგებლობს გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი და ფონდ „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელი, ბატონი ლაშა ტუღუში. ფონდს დაარსებიდან სტაბილურად 12 დონორი და პარტნიორი ორგანიზაცია ჰყავს, საიდანაც ორი: „იუსაიდი“და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდია. საეჭვოდ მიგვაჩნია, როდესაც ბატონი ლაშა „ლიბერალური აკადემიისთვის გრანტის სახით“ სწორედ მაშინ იღებს ყველაზე მსხვილ დაფინანსებას, როცა ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: დავით დარჩიაშვილი და დავით პაიჭაძე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ.
ფონდმა „ლიბერალურმა აკადემიამ“ ზემოაღნიშნული ფონდების დაფინანსებით, ჩაატარა: პროექტი -„პოლიტიკური ორატორების პლატფორმები“ (USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინ) და პროექტი „მოდერნიზაცია საქართველოში“, რომლის ფარგლებში მიმოხილულია ვარდების რევოლუციის გარდამავალი კურსი. შესაბამისად, რამდენად შეიძლება ობიექტურად მივიჩნიოთ ლაშა ტუღუშის განცხადებები, როდესაც ის ასეთი დაფინანსებას იღებს”, – აცხადებს გურამ ადამაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები