დედაქალაქის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი თბილისელის პრობლემის გადაჭრა იქნება

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ “2014 წლის ადგილობრივი არჩევნები, მიღებული გამოცდილება და მომავალი ნაბიჯები” – ამ თემაზე გამართულ კონფერენციაზე თბილისის მერი დავით ნარმანია მოხსენებით გამოვიდა.
თბილისის მერმა ვრცლად მიმოიხილა 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, დედაქალაქის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი თითოეული თბილისელის პრობლემის გადაჭრა იქნება, მათ დასაქმებაზე ზრუნვა, სოციალური დაცვა და სრულყოფილი ცხოვრებისათვის აუცილებელი გარემოს შექმნა.
„რეფორმამ, რომელიც ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის დროს დავიწყეთ, პირველი შედეგი მოიტანა – საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს პირდაპირი წესით არჩეული მერები და გამგებლები ჰყავს. ახლა მთავარია, რეფორმა გაგრძელდეს, რათა ადგილებზე ფინანსურად და უფლებამოსილებებით უფრო მეტად ძლიერი თვითმმართველობები ჩამოვაყალიბოთ, შევქმნათ სწორედ ხალხზე მზრუნველი, მათი საჭიროებების გადაწყვეტაზე ორიენტირებული ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც ოცი წლის განმავლობაში ასე აკლდა ჩვენს თანამოქალაქეებს,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მერიის ინფორმაციით, კონფერენციის ორგანიზატორია ევროპის საბჭოს და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი (IFES), შვეიცარიის კონფედერაციის და აშშს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.
კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები