“რუსეთის საზღვარზე ჩვენს მოქალაქეებს ახსნა-განმარტების გარეშე აკავებენ” – აფხაზეთის საზოგადოება ე.წ. რუსეთის ელჩს მიმართავს

“რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გადაკვეთისას, ბოლო დროს, აფხაზეთის მოქალაქეებზე სისტემატური ზეწოლის შემთხვევებს ვაკვირდებით. ადამიანებს ან ახსნა-განმარტების გარეშე რამდენიმე საათით აკავებენ, ან კითხავენ სამოქალაქო პოზიციებსა და პოლიტიკური შეხედულების შესახებ”,- ამის შესახებ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. ელჩისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელსაც აფხაზური საზოგადოება აწერს ხელს.

“კვირა” წერილის შინაარსს უცვლელად გთავაზობთ.

“რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გადაკვეთისას, ბოლო დროს, აფხაზეთის მოქალაქეებზე სისტემატური ზეწოლის შემთხვევებს ვაკვირდებით. ადამიანებს ან ახსნა-განმარტების გარეშე რამდენიმე საათით აკავებენ, ან კითხავენ სამოქალაქო პოზიციებსა და პოლიტიკური შეხედულების შესახებ. ეს ეხება, როგორც მოქალაქეებს, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, ასევე, საზოგადო მოღვაწეებს.

მხოლოდ იანვარში არიან დაკავებული – დამოუკიდებელი ტელეარხის Abaza-TV-ის ჟურნალისტი, ელეონორა გილოიანი; აფხაზეთის გმირი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი – ლევან მიქავა; რეჟისორი იბრაჰიმ ჭკადუა; საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ხარა ხპიცუნდას” წარმომადგენლები.

აფხაზეთის მოქალაქეების მიმართ ზემოაღნიშნულ ქმედებებს არამეგობრულად და უსაფუძვლოდ მივიჩნევთ. დარწმუნებულები ვართ, ჩვენს მოქალაქეებზე ზეწოლის კამპანია აფხაზეთის ხელმძღვანელობის და პირადად, ქვეყნის პრეზიდენტის მიერ არის ორგანიზებული, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა მიმართულებით ანტისახელმწიფოებრივ ინიციატივებს.

აფხაზეთის ხელისუფლება ასეთი პოლიტიკის არაპოპულარობას აცნობიერებს და ცდილობს საკუთარ მოქალაქეებზე ზეწოლა რუსეთის სპეცსამსახურების მეშვეობით მოახდინოს, რადგან ქვეყნის შიგნით საზოგადოების ქმედებების შეჩერებას ვერ ახერხებს. რუსეთის სპეცსამსახურებს დეზინფორმაციას აწვდიან, რომ თითქოს, მოქალაქეებში ანტირუსული განწყობებია. ეს არის აბსოლუტურად დესტრუქციული პოლიტიკა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სამოქალაქო პროტესტის ზრდა და რუსეთ-აფხაზეთის მეგობარ ხალხებს შორის არასასურველი დაძაბულობის შექმნა.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები – აფხაზეთის მოქალაქეების შიდა საქმეა და არანაირად არ მოქმედებს რუსეთის ინტერესებზე ან ორმხრივ რუსეთ-აფხაზურ ურთიერთობებზე.

ჩვენ, ასევე, იძულებულნი ვართ გავიხსენოთ, რომ რუსეთის ფედერაციამ “მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმება არა ასლან ბჟანიასთან, არამედ აფხაზეთის რესპუბლიკასთან დადო, რითაც აიღო ვალდებულება, პატივი სცეს აფხაზეთის მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანად მიგვაჩნია სიტყვის თავისუფლება და პოლიტიკური პლურალიზმი.

ყოველწლიურად, ათწლეულების განმავლობაში, მილიონობით რუსი ჩამოდის აფხაზეთში დასასვენებლად ან სამუშაოდ. და არცერთხელ, არცერთი მათგანი, თუნდაც იმ დროს, როდესაც რუსეთი “საქართველოს მეგობრების” საერთაშორისო ჯგუფის ნაწილი იყო, აფხაზეთის უშიშროების სამსახურს ისინი არ დაუკავებია შეხედულებების ან მრწამსის გამო.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მივმართავთ რუსეთის ფედერაციის ელჩს აფხაზეთის რესპუბლიკაში, მოთხოვნით, დაუყოვნებლივ გამართოს კონსულტაციები კომპეტენტური სტრუქტურების წარმომადგენლებთან, რათა შეწყდეს შემდგომი არამეგობრული და უკანონო ქმედებები აფხაზეთის მოქალაქეების მიმართ. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობამ გაუძლო დროს და არ უნდა გახდეს უპასუხისმგებლო ჩინოვნიკების პოლიტიკური თამაშების ობიექტი”,- ნათქვამია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები