წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა
წერეთლის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დაპირება გზის გახსნასთან დაკავშირებით შესრულებულია, დარჩენილი, მიმდინარე სამუშაოები კი მარტში დასრულდება.
„საზოგადოებას დავპირდით, რომ იანვრის ბოლოს სამუშაოები დამთავრებული იქნებოდა. დღეს პირველი თებერვალია და საგზაო ნაწილში დასრულდა სამუშაოები, ტრანსპორტის გადაადგილება ორმხრივად, თავისუფლად არის შესაძლებელი. ჩვენი დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, სადაც სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. არ მინდა შეცდომაში შევიდეს საზოგადოება და იფიქროს, რომ პროექტი მთლიანად დასრულდა. აქ საგზაო ნაწილზე იყო ლაპარაკი. პარალელურად მიმდინარეობს ტროტუარების მოწყობა, გამწვანების სამუშაოები. რაც შეეხება გარე განათების ბოძებს, გამზირის ერთ მხარეს დამონტაჟებულია, ხოლო მეორე მხარეს მიმდინარეობს აღნიშნული სამუშაოები. გარდა ამისა, ეზოებში შესასვლელები მოწესრიგდება, დაიგება ასფალტი, გზა დაიხაზება, ახალი შუქნიშნები დაყენდება. ყველაფერი გაკეთდება ისევე, როგორც სხვა გამზირების შემთხვევაში. ძალიან ლამაზი გამზირი იქნება, როდესაც მარტში მთლიანად დასრულდება სამუშაოები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.