ვახტანგ მაისაია: უკანონო მოსმენა გრძელდება
პოლიტიკურ და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია ქვეყანაში მოსმენების პრობლემებზე საუბრობს. როგორც მაისაიამ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ხელისუფლების შეცვლის პროცესში ბევრი კერძო დეტექტიური სააგენტო შეიქმნა, რომლებიც წინა ხელისუფლების მიერ გადაცემული ტექნიკური საშუალებებით მასობრივ მოსმენებს ახორციელებენ. „უკანონო მოსმენები კვლავ გრძელდება. როდესაც ხელისუფლების შეიცვალა, ამ პერიოდში ძალიან ბევრი კერძო დეტექტიური სააგენტო შეიქმნა, მათ შორისაა იგივე ყბადაღებული „სამართალდამცავთა ლიგა“, სადაც ყოფილი ჯალათები გაერთიანდნენ. ამ ორგანიზაცის წევრები სისხლის სამართლის კონკრეტულ დანაშაულებში იყვნენ შემჩნეულები, რომელიც რეჟიმმა იმ პერიოდში ჩაიდინა. ის ტექნიკა, რომლითაც მასობრივად ხდებოდა საზოგადოების მოსმენა. ამ ორგანიზაციას გადასცეს. მოსმენები გაფართოვდა – თუ ადრე ტოტალიტარულ ფორმატში სახელმწიფო მასობრივად უსმენდა თავის მოქალაქეებს, ახლა ეს უკვე არაოფიციალურ სეგმენტშიც გადავიდა და მოსმენების არეალი გაფართოვდა. ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა, რომ მასაც უსმენენ. იმ სტრუქტურებს, რომლებიც ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ახორციელებენ მოსმენას, ეს აპარატურა ყოფილი მმართველი რეჟიმის წარმომადგენლებმა გადასცეს“,- განაცხადა ვახტანგ მაიასაიმ.
მაისაიას თქმით, მასობრივი მოსმენების აღმოსაფხვრელად ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შიგნით უშიშროება განცალკევდეს. უშიშროების სამსახური კი, მაისაიას აზრით, თავის მხრივ, საზოგადოებრივ და სახელმწიფო უშიშროებად უნდა დაიყოს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიგნით აუცილებლად უნდა მოხდეს განცალკევება ე.წ. საზოგადოებრივი და სახელმწიფო უშიშროების სექტორებისა და ცალკე უნდა შეიქმნას სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო. თუ კერძო დეტექტიური სამსახურები ახორციელებენ მოსმენებს, სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება, რომ ისინი აღმოაჩინოს“- აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.