“დაპირისპირება, რაც დღეს გვაქვს საზოგადოებაში, არ გვაძლევს საშუალებას, განვითარებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ” – შამბა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა ამბობს, რომ ე.წ.ქვეყნის შიგნით განვითარებული მოვლენები არ იძლევა განვითარების შესაძლებლობას, მაშინ როდესაც, რუსეთის დახმარებით, ამისთვის გარე პირობები შექმნილია.
ამის შესახებ მან აფხაზეთის ტელევიზიის გადაცემა “აფხაზეთის გარშემო” სტუმრობის დროს თქვა.
მისი თქმით, „ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან არის ზუსტად ის, რაც გვაძლევს იმის რწმენას, რომ გარე საფრთხეებისგან ვართ დაზღვეული”, რაც, მისივე თქმით, “აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას იძლევა”.
„იმ ლოიალური ურთიერთობის გათვალისწინებით, რომელიც დღეს რუსეთის ხელმძღვანელობასთან გვაქვს, ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები წარმატებით განვავითაროთ. გვაქვს თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც გვაძლევს საიმედო გარანტიებს. 2008 წელს აღიარებამდე დიდი დანაკარგები გვქონდა საქართველოს საზღვარზე, სადაც იძულებულები ვიყავით, როტაციის გზით, დაგვეცვა ჩვენი საზღვრები და ქართული დივერსიული ტერორისტული რაზმების ქმედებებმა დიდი ზიანი მიაყენა არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ სამშვიდობო ძალებსაც, რომლებმაც, თავის დროზე, საქართველოს საზღვარზე 100-ზე მეტი ადამიანი დაკარგეს. და მხოლოდ აღიარების და ჩვენი სამოკავშირეო შეთანხმებების შემდეგ გახდა შესაძლებელი ამ ყველაფრის შეჩერება. უფრო მეტიც, გვახსოვს, რომ გემებს, რომლებიც აფხაზეთში ტვირთით მოდიოდნენ, აკვატორიაში აკავებდნენ, და ეს ხშირად ხდებოდა, და შეწყდა 2008 წლის შემდეგ. ეს მშვიდი და დინამიკური განვითარების დიდ შესაძლებლობებს გვაძლევს. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ თვითონ არ ვაძლევთ ქვეყანას ნორმალურ განვითარებას, ის დაპირისპირება, რაც დღეს გვაქვს საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, არ გვაძლევს საშუალებას, გადავდგათ ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯები განვითარებისკენ,“ – აღნიშნა სერგეი შამბამ.