„ისლამური ხალიფატი“ ნატოს მიმართულებით ერთ-ერთ საფრთხეს წარმოადგენს“
პოლიტიკურ და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ მაისაია უელსის სამიტის შედეგებსა და მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს და ერთ-ერთ საფრთხედ „ისლამურ ხალიფატს“ ასახელებს. „კიბერთავდასხმა, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ტერორიზმი და ჰიბრიდული ომი ის ძირითადი გამოწვევებია, რომელიც ალიანსის ხელმძღვანელობამ ასიმეტრიული საფრთხის კონტექსტში გამოყო“, – განაცხადა მაისაიამ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში და „ისლამური ხალიფატისაგან“ წამოსულ სამხედრო საფრთხეებზეც ისაუბრა.
„უელსის სამიტმა კვლავ გამოყო ორი საფრთხე, მომდინარე როგორც ალიანსის „აღმოსავლეთის“ საზღვრებიდან, ასევე „სამხრეთიდანაც“. „აღმოსავლურ“ საფრთხედ გამოჩნდა – რუსეთის ფედერაცია და მისი „ხისტი“ ავტორიტარული რეჟიმი ვლადიმერ პუტინის მეთაურობით. ყირიმის მიმართ გამოვლენილ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ნატო აღიქვამს, ახალი ტიპის სამხედრო-სტრატეგიულ საფრთხედ და შესაბამისი კონტრზომების გამოყენებას აპირებს. მაგალითად, სწრაფი რეაგირების ძალების წინსმსწრები ოპერატიული რაზმების განთავსება, სათანადო ალიანსის ეგიდით სამხედრო ბაზების ფარგლებში – 5 ათასი მებრძოლით და შესაბამისი საბრძოლო შეიარაღებებით“, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.
ექსპერტმა „ისლამური ხალიფატის“ საფრთხეზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული „თალიბანზე“ უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს: „ნატო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს „ისლამური ხალიფატისაგან“ წამოსულ რეალურ სამხედრო საფრთხეს, რომელსაც გლობალური ხასიათის კლასიფიკაცია მიენიჭა. სწორედ „ისლამური ხალიფატის“ ფაქტორი არის წარმოუდგენლად ფართომასშტაბიანი და უფრო მეტი საფრთხის შემცველი, ვიდრე ავღანური „თალიბანი“. დე ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზე უკვე ამოქმედდნენ „ისლამური ხალიფატის“ ემისრები და შეიქმნა დაახლოებით 50-კაციანი იატაკქვეშა ვაჰაბიტური დაჯგუფება“. ექსპერტი ასევე აღნიშნავს, თუ რატომ შეიძლება ჩვენი ქვეყანა კოალიციის ერთ-ერთი დასაყრდენი გახდეს „ისლამურ ხალიფატთან“ ბრძოლაში.
„საქართველოს ამ ამ მხრივ გააჩნია უნიკალური მდებარეობა, როგორც სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო სივრცეები. შავ ზღვაში შეიძლება განთავსდეს კოალიციის საზღვაო-დამრტყმელი დაჯგუფება, თუნდაც საქართველოს საზღვაო აკვატორიაში, სადაც სამხედრო ხომალდებზე და გემებზე განთავსებულ ფრთოსან ბალისტიკურ რაკეტებს გააჩნიათ ერაყისა და სირიის ჩრდილოეთ და ჩრდილო-დასავლეთის ტერიტორიამდე წვდომა. ხალიფატის ეგიდით გაერთიანებული ისლამისტების მხრიდან მთელი კავკასიის „გათავისუფლება“ რეალურია და, სამწუხაროდ, ეს უცილობლად მოიცავს აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიებსაც“, – აღნიშნა ექსპერტმა „კვირას“ პრესკლუბში.
ექსპერტი საქართველოს მთავრობას ურჩევს, აღნიშნულ საფრთხეებს სერიოზული ყურადღება მიაქციოს. მისივე თქმით, სასურველია, სპეციალური სტრუქტურის შექმნა, რომელიც ანტირეტორისტული მიმართულებით ძალოვანი სტრუქტუების საქმიანობას გააკონტროლებს და მჭიდრო კავშირი ექნება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან.