გერმანელმა მემანქანეებმა 6-დღიანი გაფიცვა დაიწყეს, რომელიც 29 იანვარს უნდა დასრულდეს.
რადიოსადგურ Bayerischer Rundfunk-ის ინფორმაციით, მემანქანეთა პროფკავშირმა (GDL) Deutsche Bahn-ს ახალი შეთავაზებით მიმართა, რომ მუშაკთა სამუშაო საათების შემცირება ეტაპობრივად მოხდეს. თუ კონცერნი ამ მოდელს დათანხმდება, გაფიცვა შესაძლოა, შეჩერდეს, თუმცა, იქამდე მოლაპარაკება უნდა გაიმართოს.
გაფიცვის შედეგად სამგზავრო ტრანსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი 24 იანვრის ღამის ორი საათიდან არ ფუნქციონირებს, ეს ეხება როგორც საქალაქთაშორისო, ასევე – რეგიონულ მატარებლებს, მათ შორის, მოკლე დისტანციურ მარშუტებს ისეთ ქალაქებში, როგორიცაა ბერლინი და ჰამბურგი, რომლებიც ფაქტობრივად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციას ასრულებენ.
ადგილობრივი მედია ქვეყნის მეწარმეთა პროფკავშირებზე დაყრდნობით წერს, რომ რკინიგზის რამდენიმედღიანი გაფიცვა ქვეყნისთვის გიგანტურ ეკონომიკურ ზარალს გამოიწვევს.
გერმანიის მრეწველობის ფედერალურ ასოციაციაში ამბობენ, რომ ზარალმა შესაძლოა, მილიარდ ევროს მიაღწიოს მიწოდების ჯაჭვების შეფერხების, მოცულობის შემცირების ან საწარმოებში წარმოების შეწყვეტის გამო. გარდა ამისა, გაფიცვა რკინიგზის იმიჯზე აისახება ნეგატიურად, რომელიც მგზავრების და ტვირთის საიმედო გადამზიდავის რეპუტაციით სარგებლობდა.
გერმანელმა მემანქანეებმა გაფიცვა 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყეს – მას შემდეგ, რაც DB- თან სატარიფო მოლაპარაკებები ჩავარდა.
პროფკავშირი სამუშაო საათების კვირაში 38-დან 35 საათამდე შემცირებას ითხოვს, ასევე, მოითხოვს ხელფასების გაზრდას თვეში 555 ევროთი და მემანქანეებისთვის ინფლაციის გამო, 3000 ევრომდე ერთჯერადი კომპენსაციის გადახდას.
რკინიგზაში აცხადებენ, რომ მოთხოვნები შეუსრულებელია და მზად არიან მხოლოდ სამუშაო საათების საკითხზე მოლაპარაკებისთვის.