სოხუმელი მხატვრების ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოები – ეროვნული ბიბლიოთეკის „ციფრული ფოტომატიანედან“

ალექსანდრე შარვაშიძე, ნიკოლოზ თაბუკაშვილი, ჭოლა კუკულაძე, ვალერი არქანია, მარინა ეშბა, შაქრო ბოკუჩავა და ა. შ. – ამ სახელებს სახვითი ხელოვნების მოყვარულები კარგად იცნობდნენ არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ დანარჩენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთაც, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამ მხატვართა ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველ ფოტოებს, როგორც ჩვენი კულტურისა და ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს, ეროვნული ბიბლიოთეკის „ციფრული ფოტომატიანეც“ ინახავს. მათ შემოქმედებას ამ დრომდე სოხუმში მდებარე აფხაზეთის მხატვართა კავშირის ცენტრალური გალერეაც ინახავდა.
რამდენიმე დღის წინათ სოხუმში აფხაზეთის მხატვართა კავშირის ცენტრალური საგამოფენო დარბაზი და გალერეა დაიწვა, სადაც ათასობით ნამუშევარი, მათ შორის ცნობილი მხატვრის, ალექსანდრე შარვაშიძის უნიკალური ნახატები და ესკიზები იყო დაცული.


