“რუსეთთან ომი ხუთიდან რვა წლამდე პერიოდშია შესაძლებელი” – ბორის პისტორიუსი
გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე წელიწადში რუსეთის მხრიდან ნატოს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია განხორციელდეს.
“ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინს შეუძლია, ერთ მშვენიერ დღეს ნატოს ქვეყანას დაესხას თავს. ჩვენი ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ეს ხუთიდან რვა წლამდე პერიოდშია შესაძლებელი”, – თქვა მან Tagesspiegel-თან ინტერვიუში.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ კრემლიდან თითქმის ყოველდღიურად ისმის მუქარა, მათ შორის, ბოლო დროს ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ.
პისტორიუსმა უკვე წამოაყენა იდეა შეცვლილი სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ, რაზეც საკუთარი უწყებიდან წინადადებებს აპრილისთვის ელოდება.
პოსტორიუსი ასევე მზადაა, შეიარაღებულ ძალებში მსახურების ნებართვა გერმანიის მოქალაქეობის არმქონე პირებსაც მისცეს.
”არ ვიქნებით ევროპაში პირველი შეიარაღებული ძალები, ვინც ამას გააკეთებს”, – თქვა მინისტრმა და დასძინა, რომ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ გერმანიაში მეორე ან მესამე თაობაში, მაგრამ ჯერ არ აქვთ გერმანიის მოქალაქეობა.