გიორგი აბაშიძეს მეტადონის მოხმარება დაუდგინდა, სასამართლომ ის სამართალდამრღვევად ცნო
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის ყოფილი მერი, აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, ასლან აბაშიძის შვილი გიორგი აბაშიძე სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის განმარტებით, გიორგი აბაშიძემ მოიხმარა ნარკოტიკული ნივთიერება ექიმის დანიშნულების გარეშე. მას ჯარიმის სახით 500 ლარის გადახდა დაეკისრა.
სასამართლომ დაადგინა, რომ 12 სექტემბერს გიორგი აბაშიძეს ჩაუტარდა შემოწმება ნარკოლოგიურ დაწესებულებაში და მას დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების, მეტადონის მოხმარება.
“სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი აბაშიძე, მცხოვრები რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ მოსკოვში, ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით და მას სასჯელის ზომად განესაზღვროს ადმინისტრაციული ჯარიმა 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასამარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ დაკისრებული ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდის ვადა შეადგენს 7 დღეს. დადგენილება შესაძლოა გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დადგენილების გამოცხადებიდან 10 დღეში”, – აღნიშნა მოსამართლემ.
სასამართლო სხდომას გიორგი აბაშიძე არ ესწრებოდა. ადვოკატის განმარტებით, ის ჯანმრთელობის პრობლემიდან გამომდინარე სამკურნალოდ მოსკოვში გაემგზავრა. სასამართლოს მიმდინარეობისას ადვოკატმა მტკიცებულების სახით მოსკოვიდან გამოგზავნილი ექიმის დანიშნულება წარმოადგინა. მისი თქმით, გიორგი აბაშიძეს გულის პრობლემა აწუხებს და სწორედ ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტი შეიცავს მეტადონს.
მისივე მტკიცებით, გიორგი აბაშიძეს მეტადონის შემცველი ნივთიერება მიღებული ჰქონდა რუსეთის ტერიტორიაზე 27 აგვისტომდე მანამ, სანამ ის საქართველოში გამოემგზავრებოდა. სასამართლო პროცესზე დაიკითხა ექსპერტი, რომელმაც განაცხადა, რომ მეტადონი ადამიანის ორგანიზმში მაქსიმუმ 7-10 დღე რჩება. ბრალდების მხარის მტკიცებით, გიორგი აბაშიძე 12 სექტემბერს გადაიყვანეს ნარკოლოგიურ დაწესებულებაში შემოწმების მიზნით და თუკი მეტადონის შემცველი მედიკამენტი 27 აგვისტოს ჰქონდა მიღებული, მას ნარკოტიკის მოხმარება არ დაუდგინდებოდა, რადგან 10 დღეზე მეტი იყო გასული.
გიორგი აბაშიძის ადვოკატი რამინ პაპიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
გიორგი აბაშიძე ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 12 სექტემბერს დააკავეს.