ქართული კალიგრაფიის საერთაშორისო ფესტივალი – „გულანი“ გაიხსნება

14 ივლისს, 18:00 საათზე, „თბილისი მერიოტში“ ქართული კალიგრაფიის საერთაშორისო ფესტივალი „გულანი“ გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ქართული კალიგრაფია — ეს არ არის მხოლოდ ლამაზად წერის ხელოვნება. ეს არის ჩვენი ერის, იდენტობისა და სულიერების ხელწერა, ისტორიაა და ღრმად ფესვგადგმული ემოციების პოეტური გამოხატულება, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და დღესაც აგრძელებს ჩვენი კულტურის გამოხატვას და მომავალ თაობაზე გადაცემას.
დღეს, როდესაც ტექნოლოგიები ცვლის ჩვენს ურთიერთობას წერასთან და სიტყვასთან, ხელნაწერი ტექსტი რჩება დროისა და აზრის მატარებელ ცოცხალ კავშირად. კალიგრაფია გვახსენებს, რომ სიჩქარის მიღმაც არსებობს სილამაზე, სიჩუმე და აზრი — ასოთა რითმში ჩაწერილი კულტურა. ქართული კალიგრაფიის ხილვა ნიშნავს ერის გულისცემას, სიყვარულის, სიამაყისა და მხატვრობის ამაღლებულ გამოხატულებას, რომელიც სცილდება დროისა და სივრცის საზღვრებს. ამ ყოველივეს კი მოფრთხილება, დაცვა და მომავალ თაობებზე გადაცემა სჭირდება.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ფესტივალი „გულანი“, რომელიც გააერთიანებს ახალბედა და პროფესიონალ ხელოვანებს, აფხაზეთიდან, სამაჩაბლოდან, ისტორიული ჰერეთიდან, ფერეიდნელ ქართველებს, ჩვენებურებს თურქეთიდან, საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ ბავშვებს და ემიგრანტ ქართველებს (და არამარტო) ამერიკიდან, ევროპიდან და აზიიდან.
ფესტივალის ფარგლებში:
ოფიციალურად გაიხსნება ქართული კალიგრაფიის საერთაშორისო ასოციაცია — პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მყოფ ქართველ კალიგრაფებს, მკვლევრებსა და მოყვარულებს.
გაიმართება თინათინ სვანიძე-ვენკოს წიგნის — „გულანის“ — პრეზენტაცია, რომელიც კალიგრაფიულ ფორმატში გადმოსცემს ქართულ სიტყვიერებას, ემოციას და სილამაზეს.
მოეწყობა კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობენ როგორც სკოლის მოსწავლეები, ისე პროფესიონალი ხელოვანები.
ღონისძიება ტარდება ქალბატონი თინათინ სვანიძე-ვენკოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით.
გიწვევთ ყველას, ვისაც აინტერესებს, როგორ გარდაიქმნება სიტყვა ხელწერად და ხელნაწერი – კულტურულ მემკვიდრეობად. ეს ფესტივალი არის ქართული კალიგრაფიის ძალის, სილამაზისა და უწყვეტი სიცოცხლის ზეიმი რომელიც მიიღებს ყოველწლიურ ხასიათს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები