დავით სონღულაშვილი მუხურის ბაზაზე მეფუტკრე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, მეფუტკრეობის სანაშენე ბაზის ინფრასტრუქტურული და ტექნიკური შესაძლებლობები, ფუტკრის ადგილობრივი გენოფონდის შენარჩუნებისა და სანაშენე საქმიანობის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოები გააცნო. ინფორმაციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მუხურის ბაზა 2017 წლიდან ფუნქციონირებს და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ასევე ქართული მთის რუხი ფუტკრის მეგრული პოპულაციის დაცვა-გამრავლების თვალსაზრისით.

„მეფუტკრეობას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ყველა იმ დარგის განვითარებას, რომელსაც რეალური პოტენციალი აქვს და ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია. ქართული ფუტკარი უნიკალურია, მსოფლიოში აღიარებულია და მისი დაცვა და გამრავლება აუცილებელი საქმეა. სწორედ ამიტომ არის მუხურის ბაზა განსაკუთრებული მნიშვნელობის“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ბაზაზე შეხვედრა გაიმართა მეფუტკრე ფერმერებთან. განხილვის მთავარი თემა იყო დარგში არსებული გამოწვევები, მათ შორის ფუტკრის დაავადებები, რომელთა წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის აუცილებელი პირობაა ცნობიერების ამაღლება და შესაბამისი ცოდნის გაზიარება.

აღსანიშნავია, რომ მუხურის მეფუტკრეობის სანაშენე ბაზაზე ცენტრი აქტიურად ახორციელებს ფუტკრის დედების გამოყვანას, მეგრული პოპულაციის ნარევი ფუტკრისგან გაწმენდის პროცესს და ინსტრუმენტული მეთოდების დანერგვით უზრუნველყოფს სანაშენე საქმიანობის სრულყოფილად წარმართვას. ცენტრი სისტემატურად მართავს ღია კარის დღეებს, ტრენინგებს და თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს მეფუტკრე ფერმერებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის, რაც ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას და მეფუტკრეობის დარგის განვითარებას საქართველოში.

მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები