აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დეზინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჯეიმი რუბინმა განაცხადა, რომ რუსეთი საინფორმაციო ოპერაციებს განახორციელებს, რომლებიც მიზნად ისახავს ევროპის ქვეყნებში არჩევნებამდე საზოგადოება უკრაინის წინააღმდეგ განაწყოს.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
”მიგვაჩნია, რომ რუსები მთელს ევროპაში საინფორმაციო ოპერაციებს განახორციელებენ, რომელთა მიზანია მიმდინარე საარჩევნო სეზონზე უკრაინის შესახებ აზრის შეცვლა”, – თქვა მან.
რუბინი ამბობს, რომ რუსეთი, ისევე, როგორც ჩინეთი, მთელ მსოფლიოში მუშაობს იმაზე, რომ სახელმწიფო პროპაგანდა დამოუკიდებელ ჟურნალისტიკად გაასაღოს და, ამავე დროს, ნამდვილ წყაროს მალავს.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს არ დაუსახელებია ის ქვეყნები, რომლებიც მის შეშფოთებას იწვევს, მაგრამ თქვა, რომ წელს მთავარი საფრთხე იყო ევროპა, რომელიც თავდაპირველად გაერთიანდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ და კიევს სამხედრო და სხვა სახის დახმარებას გაუწია.
„რუსეთი იმედოვნებს, რომ მიმდინარე წლის არჩევნებს შეუძლია ევროპაში ვითარების შეცვლა, სადაც შესანიშნავი კოალიციაა და დისციპლინირებული ოპოზიცია უკრაინაში მისი ომის წინააღმდეგ”, – თქვა რუბინმა.