„მოვიცავთ მთელ ქართულ ემიგრაციას, „თვისტომი რადიოს“ ჩამოტვირთვა შეუძლია ყველას ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ განედზე“…

2000 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქართული სათვისტომო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი და ბევრი კარგი საქმის მოთავეა ნიუ-იორკში.
პროფესიით ექიმია, მისი დიდი ძალისხმევით, ასოციაცია „თვისტომმა“ არა მარტო საქართველოს მხარდამჭერი  საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობები, არამედ კულტურული ღონისძიებები, ქართული საღამოები გამართა.
2023 წელს კი ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად ქართულ სათვისტომო ორგანიზაციის ემიგრანტულ მედიაცენტრი – „თვისტომიმედია“ შეიქმნა.
ამბობს, რომ მედიაჰოლდინგის იდეამ საკმაოდ კარგი გამოძახილი პოვა დიასპორაში,  „თვისტომიმედიას“  24-საათიანი ტელე და რადიო მაუწყებლობა (სტრიმინგი) აქვს, რომელიც იქნება თავისუფალი, დამოუკიდებელი, დაბალანსებული და მიუკერძოებელი მედია ემიგრანტებისთვის. – ინტერვიუ ნიკოლოზ ჩხეიძესთან.
 2003 წელს ნიუ-იორკში ასოციაცია „თვისტომი“ ჩამოაყალიბეთ.  როგორ შეაჯამებთ ამ ოც წელს? რაც ჩაფიქრებული გქონდათ, ყველაფერი ისე გაკეთდა?
– ასოციაციის ჩამოყალიბებიდან 20 წელი გავიდა, მის საქმიანობას ამ ხნის მანძილზე დადებითად შევაჯამებდი, რადგან საკმაოდ ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა მეტის გაკეთება შეიძლებოდა, ქართული სათვისტომო გაცილებით ძლიერი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ემიგრაციისა და საქართველოს სახელმწიფოს მხრიდანაც გარკვეული ქმედებები იყო საჭირო, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა და ცალკე სამსჯელო თემაა.
– ოცი წელი მოკლე ხანი არ არის, ასოციაციამ მრავალი ღონისძიება და აქცია გამართა, ბევრი კარგი საქმე გააკეთა ქართველი ემიგრანტებისთვის.
– გეთანხმებით, მოკლე ხანი არ არის. როგორც სათვისტომო, ამ კრიტერიუმით ერთადერთი   საზოგადოებრივი ორგანიზაციაა ნიუ-იორკში, ამერიკული სტანდარტებით და  ყველა ის მახასიათებელი აქვს, რაც სჭირდება სათვისტომო ორგანიზაციის სტატუსს – ადგილმდებარეობა, ფიზიკური ოფისი, მომსახურების სხვადასხვა მიმართულება – სამედიცინო, იურიდიული, სოციალური… გააჩნია საკუთარი მედიასაშუალებები. ამ უკანასკნელზე ახლა ვმუშაობთ, „რადიო „თვისტომმა“ 2018 წლიდან დაიწყო მაუწყებლობა. არსებობს მედიაპროექტი, თუმცა ბოლო პერიოდში ახლდება  და სერიოზული გეგმები გვაქვს.
– არაერთი ღონისძიება ჩაატარეთ, მათ შორის  მხარდამჭერი აქციები,  საქართველოს და არა მარტო საქართველოს მხარდამჭერი საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობები, ასევე კულტურული ღონისძიებები, ქართული საღამოები…
–  გაიმართა ქართული აღლუმები მანჰეტენზე,  „თვისტომი“, როგორც  საერთაშორისო საემიგრაციო ფონდის წევრი,   ეროვნებათა აღლუმებს ატარებდა.  ჩვენ ვმონაწილეობდით,  როგორც ამ ორგანიზაციის წევრები. მე გამგეობის წევრი ვიყავი და,  შესაბამისად, ამ ღონისძიებაზე  გახლდით მარშალი.  ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს, კულტურულ ცენტრებს მთლიანად ქართველ ემიგრანტებს მარშით არაერთხელ ჩაუვლიათ საქართველოს სადიდებლად მანჰეტენზე.
აღლუმის ტიპის ღონისძიებები კარგია, რადგან  სხვა დიასპორებსა და სათვისტომოებს აცნობ შენს ქვეყანას,  კულტურული სანახაობით, ცეკვით თუ სიმღერით  წარმოაჩენ შენს კულტურას.
აქვე უნდა აღვნიშნო იურიდიული სამსახურის დამსახურება, მაშინ, როდესაც ნიუ-იორკში ჯერ არ არსებობდა გენერალური საკონსულო, მაინც ვახერხებდით  ქართველი ემიგრანტების მომსახურებას, რომ არ დასჭირვებოდათ  ვაშინგტონში – სხვა შტატში წასვლა და  ადგილზევე, ნიუ-იორკში, მიეღოთ დახმარება.
ჩვენთან ჩამოდიოდა გენერალური კონსული და ყველა ამ მომსახურებას ჩვენს ოფისში აწაროებდა. მერე უკვე ადგილზევე ვაძლევდით ქართველ ემიგრანტებს საშუალებას, აქვე, ჩვენი სათვისტომოს ოფისში, მიეღოთ საკონსულო მომსახურება.
მე პირადად ბევრი ვიბრძოლე ნიუ-იორკში საკონსულოს გასახსნელად, ჩამოდიოდნენ საქართველოს ხელისუფლების მაშინდელი წარმომადგენლები, თხოვნა-მიმართვებს ვწერდით  მათ სახელზე, პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარესაც შევხვდით, მასაც  გადავეცით ჩვენი თხოვნა, საკმაოდ დიდი ენერგია დაიხარჯა, ასოციაცია „თვისტომმა“ იმხანად ბევრი გააკეთა სათვისტომოს გასახსნელად, მანამდეც ყველანაირად გვერდში ედგა ქართველ ემიგრანტებს. რასაც მაშინ „თვისტომი“ აკეთებდა, დიდად წაადგა ქართველ ემიგრანტებს.– პროფესიით ექიმი ხართ და, ბუნებრივია, ასოციაციის სამედიცინო მიმართულების მხრივ საინტერესო სიახლეები გექნებათ…
– ექიმი ვარ, სამედიცინო სფეროში ვსაქმიანობ და მომეცა საშუალება, „თვისტომის“ სამედიცინო მიმართულება უფრო მეტად განმევითარებინა. ვფიქრობ, ეს არის მთავარი, რაც გავაკეთეთ და რაც დიდ მიღწევად მიმაჩნია. „თვისტომის“ სამედიცინო ჯგუფმა,  ქალბატონი ირინა მიქაბერიძის ხელმძღვანელობით, 2003 წლიდან დავიწყეთ  უფასო მამოგრაფიის პროგრამა, რაც გულისხმობს მკერდის სიმსივნის პრევენციულ დიაგნოსტიკას და მის შემდგომ უფასო მკურნალობასაც, რომელიც საკმაოდ რთული და ძვირად ღირებული პროცესია.  მიუხედავად საემიგრაციო სტატუსისა და ფინანსური საშუალებისა, ყველა ემიგრანტს თანაბრად მიეწოდა ეს სერვისი.
ბედნიერებაა, როცა იცი, რომ ამ პროგრამით არაერთი ათეული ქართველი ქალბატონი  გადარჩა, არაერთი სიმსივნური პროცესი აღმოვაჩინეთ,  რომელზედაც საერთოდ არც კი ეჭვობდა ვინმე და არც ისინჯებოდა, მაგრამ ყველა ასაკის პაციენტისთვის დროულად გამოვავლინეთ და ვუმკურნალეთ მათ. ეს ადამიანები დღეს საკუთარ ოჯახებში  ჯანმრთელები და  ცოცხლები არიან.
ჩვენი მთავარი ამოცანა, განსაკუთრებით 2000 წლებიდან მოყოლებული, იყო  ქართველი ემიგრანტების ხელშეწყობა – მათი სტატუსის მიუხედავად,  მიეღოთ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება. იმ პერიოდში უმრავლესობას არ ჰქონდა სამედიცინო დაზღვევა, შესაბამისად, წლიდან წლამდე არ ჰყავდათ ექიმი და, სამწუხაროდ, ეს პროცესი დღემდე გრძელდება. ბევრ მათგანს  არ მიუღია სამედიცინო მომსახურება.
ჩვენ გვყავდა და გვყავს პაციენტები, რომლებიც 20-25 წელი აქ არიან, მაგრამ ექიმი არ უნახავთ. უმძიმეს რეალობას ვაწყდებით, რასაც ძალიან მძიმე გართულება მოსდევს.  გართულებული შემთხვევის მკურნალობა კი გაცილებით უფრო რთული და ძვირი ჯდება, ვიდრე ადრეულ სტადიებზე.  ასე რომ, ვითარებიდან  გამომდინარე, ჩვენი პრევენციული მეთოდიკა სწორედ შემუშავდა.
– სიახლეა  „თვისტომის“ მიერ შემოღებული სკრინინგ – ტესტი…
– ეს ტესტი მოიცავს ულტრაფერით დათვალიერებას, ანუ  მთელი ორგანიზმი თვალიერდება ულტრაბგერის მეშვეობით, ტარდება: ფარისებრი ჯირკვლის, საძილე არტერიების, მუცლის ღრუს ორგანოების, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის,  ელენთის, პანკრეასის, თირკმელების, საკვერცხის, საშვილოსნოს ექოსკოპია, ასევე გულის ექოსკოპიაც…  ეს ყველაფერი კი  ჩვენთან ძალიან დაბალ, სიმბოლურ ფასად კეთდება.
ამას ემატება: სისხლის და შარდის გაფართოებული ანალიზი, ღვიძლის პანელი, ლიპიდური პანელი, ფარისებრი ჯირკვლის პანელი და, შესაბამისად, გაფართოებული სისხლის ანალიზები… და ეს ანალიზებიც ძალიან იაფია  ჩვენთან.
სამწუხაროდ, ბოლო დროს ამერიკის ქართულ დიასპორაში ძალიან გაიზარდა და გაახალგაზრდავდა სიმსივნური დაავადებები, ამან განაპირობა ონკომარკერების შემოღება ქალებსა და მამაკაცებში. ეს ყველაფერი კი ამ ერთი სკრინინგ – ტესტის შემადგენელი ნაწილია.
ხაზგასასმელია ისიც, რომ რომც ჰქონდეს დაზღვევა ქართველ ემიგრანტს, ამდენ გამოკვლევას ერთიანად ექიმი ვერ გამოუწერს, არც აქვს ამის უფლება, არცერთი სამედიცინო დაზღვევა  ერთიანად ერთ ადგილზე არ დააფინანსებს,  გამორიცხულია. ამიტომ ჩვენს თანამემამულეებს ვაძლევთ საშუალებას, ერთ დღეში ერთ ადგილზე,  ერთი საათის მანძილზე, ყველა ეს ორგანო გამოიკვლიონ და ანალიზები ჩაიტარონ, რომ წარმოდგენა ვიქონიოთ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.  ამის შემდეგ ვაკეთებთ  კატეგორიზაციას, გამოვყოფთ მაღალი, საშუალო და დაბალი რისკის პაციენტებს.
ახლაც  ვმუშაობთ, რომ ყველა ეს პაციენტი ერთ ჯგუფში გაერთიანდეს  ქეის მენეჯმენტით.
დღემდე პრობლემად რჩება ენა, ფსიქოლოგიური ბარიერი, ფიზიკური ბარიერი. ხალხი ვერ გამოდის სამსახურებიდან, ვერ ტოვებს სამსახურებს, ამის გამო ექიმებს ვერ ნახულობენ, შესაბამისად, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან რთულია.

ნათია ფურცხვანიძე – START NEW LIFE-ის ხელმძღვანელი და „თვისტომის“ სამედიცინო ჯგუფის ხელმძღვანელი

ასოციაცია „თვისტომის“ მთავარი ღერძი: ჩვენი სკრინინგების მეშვეობით მამოგრაფიის გარდა არაერთი სიმსივნური და ძალიან რთული პროცესი აღმოვაჩინეთ ემიგრანტებში, დროული მკურნალობაც, ოპერაციებიც  ჩავატარეთ, ფაქტობრივად  უამრავი სიცოცხლე გადარჩა. მთავარ წარმატებად, ვიმეორებ,  მაინც ეს მიმაჩნია, ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაც კი დღესდღეობით ძალიან დიდი მიღწევაა ქართული ემიგრაციისთვის.
– „თვისტომი“ ზრუნავს ალკო და ნარკოდამოკიდებულების პრევენციისთვის… ჩამოყალიბდა საკონსულტაციო ჯგუფიც…
– ბოლო წლებში ორჯერ და სამჯერ გაიზარდა ნიუ-იორკის ემიგრაცია, შესაბამისად, საკმაოდ რთული ვითარება შეიქმნა ალკო და ნარკოდამოკიდებულების მხრივ, ეს არის  ქართული ემიგრაციისა და დიასპორის სერიოზული პრობლემა. საგრძნობლად მოიმატა სიკვდილიანობამ.
„თვისტომმა“ გადაწყვიტა, ამ პრობლემისთვისაც მიეხედა და  ქალბატონ ნათია ფურცხვანიძესთან ერთად, რომელსაც 20-წლიანი გამოცდილება აქვს ტოქსიკოლოგიაში, ერთობლივად  შეექმნა საკონსულტაცი ჯგუფი.
ჩამოყალიბდა ქართული არასამთავრობო „ენჯეო“, რომელმაც თავის თავზე აიღო ეს სერვისი ქართველებისათვის. იგულისხმება:  პრევენციის მომენტი, მუშაობა ალკო და ნარკოდამოკიდებულ პირებთან და ოჯახის წევრებთან, ფსიქოლოგიური შეხვედრები და საუბრები, ასევე პრევენციული მეთოდები, რაც გულისხმობს სპეციალური ტესტების დარიგებას, რომლებიც იმ მომაკვდინებელი შენაერთების აღმოჩენის საშუალებას იძლევა, რაც იწვევს ფენტალინის ზედოზირებას მომხმარებელში, და რასაც ძალიან დიდი მსხვერპლი  მოჰყვა. უამრავი ადამიანი ეწირება ამას ამერიკაშიც და სხვაგანაც. ეს არის ეპიდემია.
ჩვენ შესაბამის ტესტებს უფასოდ ვარიგებთ, რომლებიც აჩვენებს, არის თუ არა მასში ფენტალინი ან სხვა შერეული ნივთიერება და ადამიანმა ამით შეიძლება გადაირჩინოს თავი. ამის გარდა, „ნალოქსონის“ პროგრამით  უფასოდ ვარიგებთ „ნარკანის“ შესასხურებლებს, რომელმაც შეიძლება ათ წამში გადაარჩინოს ადამიანი და გამოიყვანოს ზედოზირებიდან.
შეიძლება ითქვას, წარმატებული პროექტია. მანამდე ქართველებისთვის ერთ ადგილზე თავმოყრილი ასეთი საშუალება არ არსებობდა,  აქ შედის დეტოქსის  და შემდეგ რეაბილიტაციის პროგრამაც –  ქართველებს ვაკვალიანებთ და ვეხმარებით, რომ გადავანაწილოთ სხვადასხვა ცენტრში.

– ახსენეთ, რომ ძალიან გაიზარდა ემიგრაცია, რამდენიმე წლის წინ გულისტკივილით საუბრობდით „ჩატეხილ ხიდზე“ ემიგრანტებსა და საქართველოს შორის… დღესაც იგივე სურათია?
– „ჩატეხილი ხიდი“ ემიგრაციასა და სამშობლოს შორის, სამწუხაროდ, ჩატეხილ ხიდად რჩება.  მიუხედავად იმისა, რომ უწინდელთან შედარებით კომუნიკაციის საშუალებები, შესაბამისად, მისვლა-მოსვლაც გაიზარდა. სამშობლოსადმი ნოსტალგია  ამ მხრივ ცოტათი შეიცვალა, მაგრამ პრობლემა მაინც პრობლემად  რჩება,  საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა ისევ და ისევ საკმაოდ დაბალია,  არაფერი შეცვლილა,  რეალურად,  დღესაც დავრჩით იმ პროცესების მაყურებლად, რაც ხდება საქართველოში და თუნდაც, რაც ხდება აშშ-ში.
სამწუხაროდ, ქართული დიასპორა მაყურებლის როლშია. ჩვენ ვართ მაყურებლები,  და არა პროცესების თანამონაწილენი, ამერიკაშიც და საქართველოშიც. ათობით და ასობით ათასი ქართველია აშშ-ში.  საქართველოს პროცესებში ემიგრაციის უფრო მეტი ჩართულობაა საჭირო და არა მოვლენების, თუნდაც არჩევნების,  უბრალო მაყურებლის პოზიციიდან თვალ-ყურის დევნება.
– ამ საკითხებზე ხშირად საუბრობთ, ამას უკავშირდება  ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ლობის შექმნაც, რაზედაც არაერთხელ გაამახვილეთ ყურადღება…

„თვისტომიმედიელები“

– ვფიქრობდით და დღემდე ვფიქრობთ, რომ ქართული დიასპორა საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებისა და მისი სტაბილური განვითარების ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი პირობაა, ძლიერი სათვისტომო არის სწორედ ის გარანტი, რომელიც განაპირობებს ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ლობის შექმნას. ამაზე წლებია  ვლაპარაკობთ, მაგრამ ეს არ არის მარტივი საკითხი. თუმცა დღეს უკვე იმდენად გაიზარდა ქართული ემიგრაციის რაოდენობა, რომ  ძალიან აქტუალური და რეალური კონტურები მიიღო ქართული ლობის ჩამოყალიბების საქმემ.
ვფიქრობთ, სწორედ ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ექნება ქართველების გაერთიანებას, რომ ქართული დიასპორა ამ კუთხით მაინც გამოჩნდეს ადგილობრივ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში, ადგილობრივ სოციუმთან უფრო ახლო ურთიერთობა  დაამყაროს და გახდეს ის აუცილებელი ნაწილი, რაც განაპირობებს ჯანსაღ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა  და განსაკუთრებით, ნიუ-იორკში.
ჩვენ უკვე ვართ  იმ რაოდენობის ემიგრანტები, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ აქაური პოლიტიკური გარემოს შექმნაშიც, ეს იდეალური  სურათი უკვე არის, შესაბამისად, არის ინტერესიც ამერიკელების მხრიდან, და ვფიქრობთ ამ მიმართულებითაც გააქტიურებას, პრინციპში ეს ქართული სახელმწიფოს ინტერესებშიც უნდა შედიოდეს და ალბათ შედის კიდეც.
– მედიაცენტრის ჩამოყალიბება სწორედაც რომ საგრძნობლად შეუწყობს ხელს ხსენებული პრობლემების მოგვარებას. რადიო ახსენეთ….
– დავიწყოთ იმით, რომ ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, იურიდიული საემიგრაციო და ჯანდაცვის სფეროების გარდა,  ერთიანი ქართული საინფორმაციო ველის არარსებობაა, რაც ყველა ემიგრანტს საშუალებას მისცემდა, ნორმალურად მიეღო  ის აუცილებელი ინფორმაცია, რაც მას სჭირდება აქ ცხოვრებისათვის. დღემდე, სამწუხაროდ, არ არსებობს ქართული გამოცემები, ჟურნალები, გამოცემები…. არც ქართული ტელევიზია და რადიო, ეს საქმე მხოლოდ სოციალურ მედიაზეა მინდობილი. რა თქმა უნდა, დიდ საქმეს აკეთებენ ქართული სოციალური მედიის ჯგუფები, სადაც თავსდება მნიშვნელოვანი ინფორმაციები, თუმცა, ვფიქრობ, საკმარისი როდია.  მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ფეისბუქის რამდენიმე ჯგუფის გუნდი, იქაც პრობლემა ის არის, რომ ინფორმაცია იკარგება და ერთად თავმოყრილი არ არის. საკუთარი საინფორმაციო საშუალებები ალბათ ყველა სათვისტომოს გააჩნია  ჩვენ გარდა. ეს იყო სწორედ მიზეზი იმისა, რომ დავიწყეთ პროექტი, 2018 წელს ჩავუშვით „რადიო „თვისტომი“, რომელიც მაშინ ავტომატურ რეჟიმში მუშაობდა, პანდემიის პერიოდში  გვქონდა საინფორმაციო გადაცემები, თუმცა არა მასშტაბური.

„თვისტომიმედიის“ გუნდი

ახლა ფაქტობრივად ეს საქმე ახლიდან დავიწყეთ, ეთერი გავაცოცხლეთ, დავიწყეთ სათვისტომოს ახალი ამბების გადმოცემა ნიუ-იორკიდან, რა სიახლეები და შეხვედრები, რა სერვისებია სათვისტომოში, რაც, ვფიქრობ, ყველა ემიგრანტს დააინტერესებს.
მსოფლიოს ახალ ამბებს უძღვება ხათუნა შარაშენიძე-შლიმანი ლონდონიდან. ნიუ-იორკის ამბებს – ეკატერინე მურღულია, „თვისტომის“ ახალ ამბებს – ირაკლი დანელია,  თბილისში კი საქართველოს ახალი ამბების ბიუროს  გიორგი ბარამიძე ხელმძღვანელობს.
ფაქტობრივად, მოვიცავთ ყველა ინფორმაციას. ამის გარდა, დაგეგმილია და გადის სხვადასხვა ტიპის გადაცემები: ჯანდაცვის, ესთეტიკური ქირურგიის, მედიცინის, ფსიქოლოგიის საკითხებზე, ჯანსაღი ცხოვრების წესზე, გვაქვს იურიდიული კონსულტაციები და ა.შ. მიხეილ შანის საავტორო გადაცემა ემიგრანტთათვის „სიჯანსაღისკენ“ ყოველ ოთხშაბათს გადის „რადიო თვისტომის“ ეთერში, სათვისტომოს სიახლეებს -„თვისტომის რეპორტაჟს“ ირაკლი დანელია უძღვება, საავტორო მრავალპროფილიან გადაცემას – „360 გრადუსი“ (პოდკასტი) – ნანუკა თევზაძე, „ჯანმრთელობის აკადემიას“ – ნინო ქავთარაძე, დონარა გვრიტიშვილის საავტორო გადაცემა „პერსონა“ კი 2024 წლის იანვრიდან გადის ეთერში.
იგეგმება ასევე გადაცემები კულტურის თემაზე. იანვრიდან ამუშავდება და ეს იქნება ყველა ემიგრანტისთვის არაჩვეულებრივი საშუალება, მიიღოს ინფორმაციები, საჭირო რჩევა-დარიგება, იყოს თანამეგზური ემიგრაციაში ნებისმიერი ემიგრანტისთვის.
ვწვდებით მთელ ქართულ ემიგრაციას, „თვისტომი რადიოს“ ჩამოტვირთვა შეუძლია ყველას ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ განედზე. ასე რომ, სადაც ინტერნეტია, ყველგან არის „თვისტომი რადიო“.
–  აუდიტორია?
– ვისაც სურს, ყველას შეუძლია მიიღოს და მოუსმინოს. საქართველოდან ბევრი გვისმენს,  ჯერჯერობით მასშტაბური აქცია არ დაწყებულა. იანვრიდან ვაპირებთ გადაცემების ჩაშვებას და, შესაბამისად, იანვრის ბოლოდან მასშტაბური მარკეტინგული აქცია დაიწყება. ამის მიუხედავად, კვირაში 500-600-მდე ახალი მსმენელი მოემატება აუდიტორიას.
აქვე გთავაზობთ რადიო „თვისტომის“ ჩამოსატვირთ ბმულს და კოდს:
https://qrco.de/bd6Naj?fbclid=IwAR074-b3H_AsLOqlrrmGO0GgQHB6EoCPkSdm-xSmbIGIbjqb3peDlqkyQ6U

კოდი

 

 

 

– ალბათ ტელევიზიის მუშაობაც განახლდება…
– ბუნებრივია, ჩაფიქრებულია ტელევიზიაც, ამჟამად დროებით პირდაპირი ეთერი შევაჩერეთ, რადგან სტრატეგია შევცვალეთ და სტუდიას ვქმნით, რომელიც უკვე მოერგება პოდკასტურ თემატიკას. უკვე ვმუშაობთ პოტენციურ სპონსორებთან, პარტნიორებთან, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ნიუ-იორკი-თბილისის ტელეხიდის შექმნაზე, ფაქტობრივად, ნახევარი გზა გავლილია, საკმაოდ საინტერესო პროექტი იგეგმება. ეს იქნება დამაკავშირებელი ხიდი საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ემიგრაციას შორის, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს თანამემამულეებს – ემიგრანტებს და სამშობლოში მყოფ ქართველებს, პირდაპირ ეთერში უშუალოდ ერთმანეთს გაუზიარონ კითხვები და პასუხები, აზრი და დამოკიდებულება და – პირიქით.
ასეთი ტიპის პირდაპირი ეთერი, ვგონებ საკმაოდ წაადგება ამ საქმეს და ამაზე პარალელურად ვმუშაობთ.
– ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად შეიქმნა ქართული სათვისტომო ორგანიზაციის მედიაცენტრი – „თვისტომიმედია“…
– აღსანიშნავია, რომ ქართული სათვისტომო ორგანიზაციის მედიაცენტრს – „თვისტომიმედიას“  24-საათიანი ტელე და რადიო მაუწყებლობა (სტრიმინგი) აქვს, რომელიც იქნება თავისუფალი, დამოუკიდებელი, დაბალანსებული და მიუკერძოებელი მედია ემიგრანტებისთვის.
მედიაჰოლდინგის იდეამ საკმაოდ კარგი გამოძახილი პოვა დიასპორაში. მინდა ხაზი გავუსვა იმ ადამიანების ჩართულობას და თანაგუნდელობას, რამაც გამოიწვია ამ ჰოლდინგის ჩამოყალიბება.
„თვისტომიმედიის“ გენერალური დირექტორია ლუკა კერატიშვილი, რომელმაც ფაქტობრივად გაიყვანა პირდაპირ ეთერში სატელევიზიო არხი,  გენერალური პროდიუსერი და   გადაღებების ოპერატორია გიორგი ცხადაძე,  ხმის დირექტორი და აუდიორეჟისორი ლევან იაშვილი კი  ჩართულია მთლიანად რადიოს თემატიკასა და გახმოვანება-გაფორმებაში. ეს არის ტოპმენეჯმენტი, ვინც ტექნიკურ ნაწილს მართავს, თავისთავად ჩვენს გადაცემებში ბევრი პროფესიონალია ჩართული, რომლებიც საავტორო გადაცემებზე მუშაობენ.
მუშაობა დავიწყეთ ჟურნალის ციფრულ გამოცემაზეც. აქტიურად მუშაობენ: თეონა კერესელიძე, ნინა სიბოშვილი და ნათია ხადური. „თვისტომის“ ჟურნალის დისტრიბუცია ციფრული ფორმატით მოხდება.

„თვისტომიმედიის“ გუნდი

ამავე დროს, გვინდა საგამომცემლო სახლის დაარსება, რადგან ძალიან ბევრ ემიგრანტს სურს  საკუთარი ნაწარმოების გამოცემა. ეს მათთვის ფსიქოლოგიური, თერაპიული მომენტია.  როდესაც ადამიანი წლების მანძილზე გამოკეტილია და რაღაცის გაკეთება,  გულნადების გამოქვეყნება სურს, რომ სხვასაც გააგებინოს ნაფიქრალი, ძალიან მარტივად მივცემთ ამის საშუალებას.
დავიწყეთ ახალი ქართული ემიგრანტული საინფორმაციო სააგენტოს ფორმირებაც, რომელიც თავს მოუყრის ემიგრაციის ახალ ამბებს, დახარისხებას და დისტრიბუციას პარტნიორულ ორგანიზაციებთან. ერთ-ერთი არის, რა თქმა უნდა, მედიაჰოლდინგი „კვირა“, ასევე სხვა სააგენტოებიც, რომლებიც დაინტერესდებიან დიასპორისა და სააგენტოს ახალი ამბებით,  ახალი პროგრამებით.
– თქვენი გუნდის მუშაობა შტატის და ქალაქის მერიის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა…
– ჩვენ გვაქვს ახლო ურთიერთობა და კონტაქტი ადგილობრივ ხელისუფლებასთან,   პანდემიის პერიოდში  „თვისტომი“ ამერიკის კრიზის-ცენტრის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. შესაბამისად, ჩვენთან იყო მოსული ნიუ-იორკის შტატის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტის წარმომადგენელი, გაეცნო ჩვენს სისტემას, გაიგო, როგორ  სწორად იყო აწყობილი კრიზის-ცენტრის მუშაობა,  მადლობაც გადაგვიხადა და დაინტერესდა ჩვენი მუშაობით.
ვფიქრობ, კრიზისის დროს  ეს სწრაფი რეაგირების მექანიზმის სისტემა ძალიან საინტერესოა, ხაზი გაუსვეს, რომ სხვა სათვისტომოებისთვისაც მისაღები იქნება.  ვფიქრობთ, ვითანამშრომლებთ ამ მიმართულებით და ერთობლივად ვიმუშავებთ. ვნახოთ,  როგორ წარიმართება ეს პროცესი. საარჩევნო წელიწადი მოვიდა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან გააქტიურდება ჩვენი ურთიერთობები. სასიამოვნოა, რომ ქალაქის, შტატის კონგრესისა და სენატის მხრიდან საკმაოდ ხშირად იყო გამოხატული ყურადღება, მივიღეთ მადლიერების წერილი.
– არსებობს ფეისბუქჯგუფი, არის გვერდიც –  კრიზის-ცენტრი „ამერიკა“…

კოვიდის კრიზის-ცენტრის მობილური ჯგუფის ნაწილი, ვინც დადიოდა ემიგრანტებთან  საკვებით, მედიკამენტებით და სამედიცინო აპარატურით.

– ეს ჯგუფი პანდემიის დროს შეიქმნა, ამ მექანიზმმა ძალიან გაამართლა, იმ პერიოდში კრიზის-ცენტრის გუნდი 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა, მოქმედებდა „ცხელი ხაზი“… ათასზე მეტი ქართული ოჯახი გაატარა იმ რამდენიმე თვის მანძილზე, როცა ძალიან რთული მდგომარეობა იყო და არაერთი სიცოცხლე  გადარჩა დროული რეაგირებით და გადაყვანით ჰოსპიტლებში.
იყო პერიოდი, როცა ჰოსპიტლები არავის აღარ იღებდნენ, უადგილობის გამო  გარეთ გამოგვიყარეს რამდენიმე ჩვენი ემიგრანტი და დროულად მოვახდინეთ მათი გადამისამართება სხვა ჰოსპიტლებში, სადაც ჩვენი მეგობრები მუშაობენ, ჩემი მრავალი კოლეგა მუშაობს, შესაბამისად, ძალიან დაგვეხმარნენ, რომ იმ ჰოსპიტლებში მიეღოთ ქართველები.
ძალიან ბევრი ადამიანი ასე გადარჩა, სწორმა მონიტორინგმა და ოქსიმეტრების დროულად მიწოდებამ, რომლებიც არ იშოვებოდა, შედეგი გამოიღო, ძალიან დაგვეხმარნენ „უბერის“ ქართველი მძღოლები, რომლებმაც სასწაულები აკეთეს და პანდემიის პერიოდში უშიშრად გადაჰყავდათ კორონიანი პაციენტები ერთი ადგილიდან მეორეში და უკან, მაგრად იმუშავა ამ სისტემამ. საათივით უნიკალური მექანიზმი ავაწყვეთ…
პანდემიიდან მოყოლებული დღესაც მუშაობს თვისტომის „ცხელი ხაზი“ ემიგრანტებისათვის.
„ცხელი ხაზის“ ნომერია: 888 232 8855 რომელსაც 24 საათის განმავლობაში, 7 დღე, პასუხობენ: ხათუნა გარდავა და ინა ასანიძე.
– ძალიან ბევრი საქმე გაქვთ როგორც ექიმს, ქართული სათვისტომო ორგანიზაციის ხელმძღვანელს… მაინც ახმოვანებთ ყველა ახალ ინიციატივას. საქართველოს პარლამენტში წარადგინეთ ახალი კოალიციის კონცეფცია – „ძლიერი სათვისტომო – ძლიერი საქართველო“…
–  „თვისტომის“ მთავარი მიზანია გაბნეული დიასპორიდან, რომელიც ეთნიკური კონგლომერატია, შეიქმნას ერთიანი, ძლიერი სტრუქტურისა და თავისი სამსახურებით ჩამოყალიბებული სათვისტომო ორგანიზაცია. ხსენებულ კონცეფციაშიც მოცემული იყო კონკრეტული წინადადებები, თუ როგორ შეიძლება ჩართოს სახელმწიფომ უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეები…
სათვისტომო ორგანიზაცია არის სწორედ ის, რაც გვჭირდება. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. ჩვენი სურვილია, ქართული ემიგრაცია უფრო მეტად იყოს ამ პროცესებში ჩართული, ეს იქნება სწორედ ერთ-ერთი ბერკეტი, რომელიც შეამცირებს გარიყულობას და გაამყარებს ქართული ემიგრაციის  ჩართულობას საქართველოსთან მიმართებით. ამ მხრივ კი  მედიის არსებობა და მისი განვითარება, პარტნიორების და სპონსორების პოვნა ძალიან მნიშვნელოვანია.

                                                                                                                           თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები