დმიტრო კულება: უკრაინას სჭირდება რუსეთის გაყინული აქტივები და არა გაყინული კონფლიქტი
მსოფლიომ ნაბიჯი უნდა გადადგას გაყინული რუსული აქტივების უკრაინისათვის გადაცემისკენ და არა გაყინული კონფლიქტისკენ, რათა თავიდან აიცილოს სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტების რაოდენობის ზრდა, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბრიტანელ კოლეგასთან, დევიდ კამერონთან დავოსში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„როდესაც გვესმის ზოგიერთი ექსპერტის ან მოაზროვნის არგუმენტები, რომ შესაძლოა ღირდეს კონფლიქტის გაყინვა, ჩვენი პასუხი არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება რუსეთის გაყინული აქტივები და არა გაყინული კონფლიქტი“, – აღნიშნა კულებამ.
მისივე თქმით, სწორედ ეს უნდა იყოს წინსვლის გზა, რათა მსოფლიოში ყველას მკაფიო სიგნალი გავუგზავნოთ: თუ წესების დარღვევას ბედავ, იძულებული იქნები ამისთვის გადაიხადო.
„თუ ჩვენ არ გავაგზავნით ამ მესიჯს, სახელმწიფოთაშორისი კონფლიქტებისა და დაძაბულობის რიცხვი მთელ მსოფლიოში გაიზრდება და მათი გამოსწორების ფასი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე უკრაინის დახმარების ფასი“, – დასძინა მან.