უკრაინის დაზვერვაში აცხადებენ, რომ რუსეთს არ აქვს რეზერვი ფრონტზე ორი ან სამი მიმართულებით შეტევისთვის
რუსეთს არ აქვს რეზერვი ფრონტზე ორი ან სამი მიმართულებით შეტევისთვის, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ვადიმ სკიბიცკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რუსეთში სამობილიზაციო ღონისძიებები გრძელდება. ისინი ახერხებენ დანაკარგების აღდგენას. თუმცა, ეს რეზერვი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ჩამოყალიბდეს ძლიერი სტრატეგიული შეტევითი ოპერაციები ორი-სამი მიმართულებით, რაზეც პუტინი საუბრობს და აშინებს ევროპულ საზოგადოებას მეორე ფრონტის გახსნით და შეტევით“, – აღნიშნა სკიბიცკიმ.
დღეის მდგომარეობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების სახმელეთო და სადესანტო კომპონენტს არ შეუძლია სტრატეგიული შეტევითი ოპერაციების ჩატარება.
„ტაქტიკური ოპერაციების ჩატარება შეუძლიათ. ჩვენ ამას ვხედავთ, ისინი გააგრძელებენ ამას, მაგრამ სტრატეგიული შეტევითი ოპერაციების ჩატარება მძლავრი ტაქტიკური რეზერვების გარეშე შეუძლებელია“, – დასძინა მან.
მოამზადა ჯემალ ჟიჟავაძემ