“არაპროგნოზირებად ეპოქაში გადავდივართ, სადაც ყველაფერი შეიძლება, მოხდეს” – ნატოს მაღალჩინოსანი

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა ბრიუსელში ალიანსის მეთაურების ორდღიანი შეხვედრა გახსნა, რომელზეც არაპროგნოზირებადობის ეპოქაზე ისაუბრა, სადაც “ყველაფერი შეიძლება, მოხდეს” და, ამავე დროს, ალიანსის საბრძოლო შესაძლებლობების ტრანსფორმაციისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ Eurointegration-ი წერს.

როგორც ბაუერმა აღნიშნა,  ნატოს სჭირდება, რომ საჯარო და კერძო პირებმა თავიანთი აზროვნება შეცვალონ, გადავიდნენ ისეთი ეპიქოდან, სადაც ყველაფერი დაგეგმილი და პროგნოზირებადი იყო, ეპოქაში, სადაც “ნებისმიერ დროს ყველაფერი შეიძლება, მოხდეს” და რომელშიც “მოულოდნელობებს უნდა ველოდოთ”.

“მომავალში სრულად ეფექტური რომ ვიყოთ, ჩვენ გვჭირდება ნატოს საბრძოლო შესაძლებლობების ტრანსფორმაცია. ეს იქნება დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა”, – თქვა ბაუერმა.

მისი თქმით, ამ მხრივ საკვანძო იქნება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა.

„სამხედრო თვალსაზრისით კიდევ ბევრი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, რომ მივაღწიოთ იმას, რისი მიღწევაც გვინდა ჩვენი კოლექტიური თავდაცვისთვის. თუმცა, თავისუფლებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ფორმაში ჩაცმულებს არ ეკისრებათ. ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გასაძლიერებლად და უკრაინის მხარდაჭერისას, ჩვენ გვჭირდება საზოგადოებაზე დაფუძნებული მიდგომა“, – განაცხადა ბაუერმა.

17-18 იანვარს ბრიუსელში ნატოს უმაღლესი სამხედრო ორგანოს, სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია უკრაინა-ნატოს საბჭოს პირველი სხდომა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ შეხვედრას ვიდეოკონფერენციის საშუალებით შეუერთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები