რისკენ უბიძგებს კავკასიის რეგიონის ქვეყნებს რუსეთის აგრესიული პოლიტიკა?

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია 18-19 აგვისტოს აზერბაიჯანში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. 19 აგვისტოს ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. ირაკლი ალასანიამ, ზაკირ ჰასანოვმა და ისმეთ ილმაზმა თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აზერბაიჯანული მედია იუწყება, მახარეები ერთობლივ, მობილურ ძალებთან – სწრაფი რეგირების ძალებთან დაკავშირებით შეთანხმდნენ. მათივე ინფორმაციით, საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი სწრაფი რეაგირების ძალებს ქმნიან, რაც რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებმა გამოიწვია.
საქართველოს საზღვაო ძალების შტაბის ყოფილი უფროსი და საზღვაო ძალების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, ექსპერტი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში გოჩა ვერტიაკოვი მიიჩნევს, რომ კავკასიის რეგიონის ქვეყნების მიმართ რუსეთის აგრესიულმა პოლიტიკამ საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს სამხედრო პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებისკენ უბიძგა.
ვერტიაკოვის შეფასებით, აღნიშნულ ქვეყნებს შორის დაწყებული სამმხრივი სტრატეგიული პარტიონორობის სფეროებში სამხედრო ალიანსის ხელშეკრულების გაფორმება თანამშრომლობის ლოგიკური გაგრძელებაა.
„საქართველოს და აზერბაიჯანის მიმართულებით რუსეთის ფედერაციის აგრესიულმა პოლიტიკამ ბიძგი მისცა, გაღრმავებულიყო სამხედრო პოლიტიკური თანამშრომლობა, რაც საკმაოდ კარგად განვითარდა აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის. მიუხედავად თურქეთის თავდაცვის სამინისტროს დახმარებებისა, საქართველო ნაკლებად იყო ჩართული ასეთ სტრატეგიულ ურთიერთობებში. არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკური კავშირების, მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტების და სატრანსპორტო კვანძების განვითარებას სჭირდება ორგანიზებული უსაფრთხოების სისტემა. საქართველოს გარეშე ეს ფაქტობრივად შეუძლებელია, ვინაიდან საქართველო თურქეთის რესპუბლიკისთვის არის სატრანსპორტო გასასვლელი აზერბაიჯანსა და შუა აზიის მიმართულებით.
2012 წელს, როდესაც სამივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ტრაბზონის დეკლარაციას, დაფიქსირდა ნება, მშვიდობიანად დარეგულირდეს კონფლიქტები. ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპების დაცვა კი მიზნად ისახავდა, თანამშრომლობის ყველა მიმართულებით განვითარების გეგმას, ტრასეკას პროექტის მხარდაჭერას და ა. შ.“, – აღნიშნავს ვერტიაკოვი „კვირასთან“ საუბრისას.
ექსპერტის თქმით, თურქეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის კავკასიის რეგიონი ძირითადი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ვერეტიაკოვი აღნიშნავს, რომ თურქეთის მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის საგარეო მიმართულებაში საკუთარი მნიშვნელობით სამხრეთ კავკასიას მესამე ადგილი ეკავა.10682844_940403639320986_1952943687_o
„აქვე უნდა აღინიშნოს ასევე ის ფაქტი, რომ საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას გაფორმებული აქვთ ბევრი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები ენერგეტიკის, ტრანსპორტის, კერძოდ სარკინიგზო განვითარების სფეროში. მეორე მხრივ, საქართველოს გააჩნია მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, შეიქმნა ერთიანი ენერგოუსაფრთხოების სისტემა, ხოლო თურქეთის სახელმწიფოსთან ახალი ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. ფაქტობრივად სტრატეგიული თანამშრომლობა უკვე დიდი ხანია დაწყებულია. თუ არ ვცდები აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის 2012 წელს ხელი მოეწერა ტრანს-ანატოლიის გაზსადენის მშენებლობის კონტრაქტს“, – ამბობს გოჩა ვერტიაკოვი.
ექსპერტმა რუსეთს, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის სამხედრო ბლოკის შესაძლო შექმნის საკითხზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს სურვილი გათვლილია რუსეთის რეგულარული შეიარაღებულ ძალებში სეპარატისტული სამხედრო ფორმირებების ინტეგრირებისთვის, თუმცა ეს არასერიოზულია.
„ეს ნაბიჯი გათვლილია რუსეთის რეგულარულ შეიარაღებულ ძალებში სეპარატისტული სამხედრო ფორმირებების ინტეგრირებისთვის და არა რაღაც ბლოკის შესაქმნელად. ეს უბრალოდ არასერიოზულია და ამაზე ყურადღების გამახვილება არც არის საჭირო. რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი არის კიდევ ერთი შანსი, გააღიზიანოს საქართველოს მოსახლეობა. მეორე ნაბიჯია ანექსიის მიმართულებით, ის რაც მოხდა ყირიმში. ესე იგი სეპარატისტული სახელმწიფო სტრუქტურები გახდებიან რუსეთის შესაბამისი უწყებების რეგიონალური სამმართველოები. ეს გათვლა ლოგიკურიც იქნებოდა მათი მხრიდან, რადგან 100%-ით რუსეთის ბიუჯეტზე არიან დამოკიდებულები“, – განმარტავს ექსპერტი.
გოჩა ვერტიაკოვი „კვირას“ ნატოს უელსის სამიტის შედეგების შესახებაც ესაუბრა და ამავე კონტექსტში ნატო-რუსეთის ურთიერთობი შეაფასა. როგორც ვერტიაკოვი აცხადებს, უელსის სამიტმა საქართველოს არაფერი მისცა გარდა იმისა, რომ დაფიქსირდა კიდევ ერთხელ პოლიტიკური ნება, საქართველოს გაუწიონ ან გააგრძელონ იგივე დახმარება, რომელიც პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ბოლო 15 წლის მანძილზე ეფექტურად ვერ გამოიყენა. ექსპერტი იმ რამდენიმე მიზეზსაც ასახელებს, რის გამოც საქართველომ მაპი ვერ მიიღო, საბოლოოდ კი ნატოში გაწევრინების პროცესი გახანგრძლივდა.
„როგორც ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ვერ მიიღო მაპი, მიიღო მაპზე უკეთესი – გაძლიერებული პაკეტი, სადაც ნატომ და მისმა წევრმა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება, რომ საქართველოს ტრანსფორმაციაში დაეხმარებიან. ნატოს ბლოკში შემავალი სახელმწიფოები უკვე 15 წელიწადზე მეტია ეხმარებიან საქართველოს მთავრობას სამხედრო ძალების რეფორმირებაში. მიღებული დეკლარაცია საქართველოს მიმართ არის პოლიტიკური ნების კიდევ ერთხელ დაფიქსირება იმისთვის, რომ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა გაგრძელდეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი, ვინაიდან ბოლო 15 წლის მანძილზე:
1. საქართველოს ხელისუფლება, კერძოდ, თავდაცვის სამინისტრო საერთოდ ან მხოლოდ ნაწილობრივ ითვალისწინებდა ნატოს ექსპერტების რეკომენდაციებს. 2. მომზადდა და გადამზადდა ათასობით სამხედრო ოფიცერი, ზემდეგი თუ რიგითი თანამშრომელი, მაგრამ მათი რაციონალური გამოყენება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად იყო არადამაკმაყოფილებელი. საკადრო პოლიტიკა არის სრულიად გაუთვლელი და მუდმივად გვჭირდება ტრენინგები, წვრთნები, რომელიც საბოლოო ჯამში რჩება ისევ ქაღალდზე და მიღებული შედეგები არ არის გატარებული სამხედრო სისტემის ყოველდღიურ საქმიანობაში. 3. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მომზადების სისტემა საერთოდ არ არსებობს. რასაც სწავლებებს და ტრენინგებს ეძახიან, ეს არის ზღვაში წვეთი. შესაბამისად, გენერალური შტაბი უნდა იყოს დაკავებული საბრძოლო მომზადების სისტემის ჩამოყალიბებით, ისე როგორც მიღებულია ნებისმიერ თანამედროვე ჯარში, მაგრამ ისევ დგება კადრების პრობლემა ან მათი არაეფექტური გამოყენება. 4. საქართველოს არ გააჩნია საიდუმლოების დაცვის და განხორციელების მექანიზმი. ყველაფერი არის მოშლილი და ამ მიმართულებითაც დიდი სამუშაოა გასაწევი. პოლიციური სისტემა ვერ უზრუნველყოფს საიდუმლოების რეჟიმის დაცვას ვერც სამხედრო და ვერც სამოქალაქო სტრუქტურებში. საქართველოს არ გააჩნია ერთიანი სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო სისტემა, სადაც უნდა ხდებოდეს ინფორმაციის დროული მიღება, დამუშავება და მიწოდება დანიშნულებისამებრ“ , – აღნიშნავს გოჩა ვერტიაკოვი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები