მარიამ ქვრივიშვილი: „ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის 2023 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო – ექვს მილიონზე მეტი მგზავრია გადაყვანილი”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, გასული წელი ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისთვის განსაკუთრებით წარმატებული იყო – საქართველოში ექვს მილიონზე მეტი მგზავრია გადაყვანილი. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის და სამოქმედო გეგმის შედეგად წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები პარტნიორ საერთაშორისო ავიაკომპანიებთან და შედეგად, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან მეტი ახალი პირდაპირი ავიარეისები ხორციელდება, განსაკუთრებით ევროპის მიმართულებით.

„ჩვენ უზრუნველვყავით, რომ გაიზარდა სიხშირეები ჩვენთვის მნიშვნელოვან დანიშნულების ადგილებამდე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვხედავთ, რომ გაზრდილი საჰაერო მიმოსვლით ჩვენს ქვეყანაში იზრდება საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგია დივერსიფიკაციის პოლიტიკაა, ძალიან სასიხარულოა, რომ ვხედავთ კიდევ უფრო მეტ ევროპულ პირდაპირ რეისებს ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც მზარდია პირდაპირი სიხშირეების რაოდენობა ყურის ქვეყნებიდან”, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.

აღსანიშნია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ შეჯამებული მონაცემების მიხედვით, 2023 წელს საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით რეკორდული რაოდენობის – 6 013 995 მგზავრს მოემსახურა. 2023 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობა 35%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე და 15%-ით აღემატება 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრთნაკადის მაჩვენებელს.

რაც შეეხება 2023 წლის სტატისტიკას აეროპორტების მიხედვით: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 694 052 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ს შეადგენს, აეროპორტი 100%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობრივ მაჩვენებელს (ზრდა 0.05%-ს შეადგენს). ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 1 671 198 მგზავრი, ზრდა 2022 წელთან შედარებით 110%-ს შეადგენს, 2019 წელთან შედარებით კი, აეროპორტი 91%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა. ასევე დადებითი დინამიკა აღინიშნება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც – ის 621 514 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2022 წელთან შედარებით 0.75%-ია, 2019 წელთან მიმართებაში კი აღდგენის მაჩვენებელი 99.58%-ს შეადგენს.

2024 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 43 ავიაკომპანია ოპერირებს 89 მიმართულებით. ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია არაერთი ახალი პროექტი.

„ეს უზრუნველყოფს საავიაციო ინფრასტრუქტურის ზრდას, რომ ის გახდეს კიდევ უფრო თანამედროვე და კეთილმოწყობილი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ავიასექტორის მეტად გაძლიერებას. ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს ახალ პარტნიორ ავიაკომპანიებთან, რათა საქართველოში ვნახოთ კიდევ უფრო მეტი ახალი ავიაკომპანია, მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩვენთვის მნიშვნელოვან ქვეყნებთან და შედეგად, მეტი საერთაშორისო მოგზაური”, – აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.

2023 წელს საქართველოს აეროპორტებში ჯამში 26 290 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა 21 280-ს შეადგენდა, ხოლო ჩარტერების – 5 010-ს. 2022 წელს განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 23%-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში, შესრულებული ფრენების ზრდის მაჩვენებელი 8%-ს შეადგენს. ასევე 2022 წელთან შედარებით გაზრდილია საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი (58%-ით), და საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა (6%-ით).

რეგულარული და ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით 2023 წელს პირველ ათეულში შემდეგი კომპანიები შედიან: Wizz Air Hungary – 21% (1 270 737 მგზავრი); Turkish Airlines – 11% (627 078 მგზავრი); Pegasus – 7% (423 655 მგზავრი); Georgian Airways – 5% (326 873 მგზავრი); Azerbaijan Airlines – 5% (324 044 მგზავრი); Fly Dubai – 4% (218 433 მგზავრი); El Al Israel Airlines – 3% (202 469 მგზავრი); Belavia – 3% (184 117 მგზავრი); Israir – 3% (182 941 მგზავრი); Air Arabia – 3% (155 303 მგზავრი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები