პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება

  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც დავით პატარაიამ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუციაა საქართველოში – საქართველოს პრეზიდენტი როგორც სახელმწიფოს მეთაური, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, როგორც საქართველოს ინტერესების წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში და ასე შემდეგ. „საქართველოს პრეზიდენტს, მის ადმინისტრაციას უნდა ჰქონდეთ სათანადო სამუშაო სივრცე, სადაც განახორციელებენ საკუთარ კომპეტენციასა და უფლებამოსილებებს“, – განაცხადა დავით პატარაიამ.
როგორც ადმინისტრაციის უფროსმა განმარტა, ყოფილ პრეზიდენტს რამდენიმე რეზიდენცია ემსახურებოდა, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კი ყველა მათგანზე უარი თქვა და დატოვებულია მხოლოდ ავლაბრის რეზიდენცია, რომელიც აშენების მომენტიდან პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას ემსახურებოდა. პატარაიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ადმინისტრაციასთან ერთად შენობაში საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად გადავიდა. დავით პატარაიას განცხადებით, საკითხის განხილვა ყოველთვის უნდა მოხდეს სწორედ პოლიტიკურ ჭრილში, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების ჭრილში და არ უნდა იქნას დაყვანილი უმნიშვნელო სამეურნეო თემებამდე.
“პრეზიდენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება იმაში მდგომარეობდა, რომ ამ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ორგანოს უნდა ჰქონდეს სათანადო ღირსეული სამუშაო სივრცე. სწორედ ეს იყო გადაწყვეტილების მიღების საფუძველი”, – აღნიშნა დავით პატარაიამ. მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჟურნალისტებს შენობის ფართთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ვერ მიაწვდის, ვინაიდან დღემდე აღნიშნული ფართი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბალანსზე არ იმყოფება, თუმცა მრავალჯერ იყო დასმული საკითხი, რომ აღნიშნული შენობა-ნაგებობა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადმოცემულიყო. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტის სასახლე 16 ათასი კვადრატული მეტრის ფართობისაა, რეალურად კი გიორგი მარგველაშვილს 3 ათასი კვადარტული მეტრის ფართი სჭირდება და 2-3 მილიონი დოლარი ზედმეტად იხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები