ივანე ჩხაიძე: კორონავირუსის შემთხვევები ძალიან მინიმალურია
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევები ძალიან ცოტაა. ამის შესახებ ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“2023 წლის ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსი საერთოდ არ ფიქსირდებოდა. შესწავლილ ნიმუშებში კორონავირუსის არცერთი დადებითი ტესტი არ იყო. 2024 წლის პირველ კვირას გამოჩნდა, მაგრამ შემთხვევები ძალიან ცოტა, მინიმალურია. კორონავირუსით ინფიცირების გამო არავითარი გაზრდილი მომართვიანობა არ ფიქსირდება. რაც შეეხება მის საწინააღმდეგო პრეპარატებს: ერთი რამაა მნიშვნელოვანი, ვარიანტი, რომელიც ახლა საქართველოსა და მსოფლიოში ცირკულირებს, “ომიკრონი”, ყველაზე უფრო ნაკლებად აგრესიული ვარიანტების კატეგორიას მიეკუთვნება. “ომიკრონით” გამოწვეული დაავადება მძიმე მიმდინარეობით არ ხასიათდება, სასუნთქი სისტემის მხრიდან გართულებები არ ახლავს. “ომიკრონით” ინფიცირების შემთხვევაში რაიმე განსაკუთრებული მართვა არ არის, ძირთადად, სიმპტომური მართვაა. კორონავირუსი სეზონურ ხასიათს მიიღებს, მიმდინარეობის სიმსუბუქის გამო მისი ანტივირუსული პრეპარატებით მართვა აუცილებლობას არ წარმოადგენს”- განაცხადა ჩხაიძემ.
ჩხაიძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატების , „პაქსლოვიდის“ და „რემდესივირის“ არსებულ მარაგს ვადა გაუვიდა.
“არ იყო აუცილებლობა, (გამოყენების). ეს არის პრეპარატები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვენლოვანი მაგალითად, “დელტა” ვარიანტის დროს იყო. ამ დროს გართულებების რისკი მაღალი იყო”- განაცხადა ჩხაიძემ.