სნოში სოციალური სახელოსნო მოეწყო
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდია და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე მურმან პატარაია ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ სოციალურ საწარმოს ესტუმრნენ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ცნობით, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სნოში სოციალური სახელოსნო მოაწყო.
ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობით საჭირო ინვენტარით აღიჭურვა დარბაზი, მაღალკვალიფიციური მასწავლებლები დაინტერესებულ ახალგაზრდებს ასწავლიან ხეზე ჭრისა და ქვის მხატვრული დამუშავების ტექნიკას.
მეცადინეობები და პრაქტიკული სამუშაოები უკვე 4 თვეა ინტენსიურად მიმდინარეობს. სახელოსნოში უკვე დამზადებულია ქვისა და ხის დეკორატიული ნიმუშები, რომლებიც პირველ ეტაპზე სხვადასხვა სივრცეში გამოიფინება, სამომავლოდ კი მათი რეალიზაციაც იგეგმება.