„ელექტროენერგიის ტარიფების კლება ბიზნესს საშუალებას მისცემს, გამოთავისუფლებული თანხები ისევ კომპანიაში დააბანდონ და განავითარონ“ – ვახტანგ ჭარაია

„ელექტროენერგიის ტარიფების კლება ბიზნესს საშუალებას მისცემს, გამოთავისუფლებული თანხები ისევ კომპანიაში დააბანდონ და განავითარონ“, – ამის შესახებ ეკონომისტმა, ვახტანგ ჭარაიამ Energynews-თან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ტარიფების კლება დადებითად აისახება როგორც ფიზიკურ, ისე – კომერციულ მომხმარებლებზე.

„ისტორიას არ ახსოვს, რომ საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი შემცირებულიყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სემეკის გადაწყვეტილების შემდეგ ელექტროენერგიის ფასის დაახლოებით 10%-იანი კლება მოხდა. შესაბამისად, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ეს საკეთილდღეოდ გამოადგება. სხვა საკითხია თუ ვინ რა მასშტაბით მიიღებს ამ კეთილდღეობას. საყოფაცხოვრებო სექტორში ეს პროცესი უფრო მეტად აღქმადი იქნება, რადგან ტარიფის დაახლოებით 10%-ით შემცირება პირდაპირ გადასახადის შემცირებაზე იქნება ასახული, ხოლო ბიზნესსექტორისთვის შეიძლება ელექტროენერგია არ იყოს გადამწყვეტი როლის მატარებელი მათ საქმიანობაში ფინანსური ხარჯების კუთხით, თუმცა რაც უფრო დიდია კომპანია და რაც უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს მათი ხარჯიც ამ ნაწილში შემცირდება, მაგალითად, საწარმოები ელექტროენერგიაზე უფრო დიდად არიან დამოკიდებულები. აღნიშნული როგორც მინიმუმ ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას თუნდაც მეტი მოგება მიიღონ, ან ეს გამოთავისუფლებული თანხები ისევ კომპანიაში დააბანდონ რეინვესტირების სახით. საბოლოო ჯამში, ტარიფის კლება პოზიტიურია და მნიშვნელოვანია საქართველოში, სადაც ასეთი პრეცედენტები არ ხდება ხოლმე“, – აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

შეგახსენებთ, რომ, სემეკის გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან როგორც თბილისში, ისე რეგიონებში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით შემცირდა. მარეგულირებლის განცხადებით, უკვე არსებული ტარიფები სხვა თანაბარ პირობებში უცვლელად მომდევნო 3 წლის განმავლობაში დარჩება.

წყარო: energynews.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები