16 სექტემბრიდან ოთხთვიანი კამპანია “მე ვიცავ ოზონს” დაიწყება
16 სექტემბერი ოზონის დაცვის საერთაშორისო დღეა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა – ელგუჯა ხოკრიშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა – ნილს სკოტმა ოთხთვიანი კამპანია „მე ვიცავ ოზონს” გახსნილად გამოაცხადეს.
პროექტის ფარგლებში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და UNDP-ის ინიციატივით, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ქსელური მაღაზიების კონსულტანტები გადამზადების უფასო კურსებს გაივლიან.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, კამპანიის „მე ვიცავ ოზონს” მიზანი მწვანე ტექნოლოგიების დამკვიდრება და საზოგადოების ინფორმირებაა, იმ საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესახებ, რომელიც არ იყენებს ოზონდამშლელ ნივთიერებებს.
კამპანიის ფარგლებში ჩატარდება კონკურსები, საგანმანათლებლო და მოხალისეობრივი ღონისძიებები.
ქსელური მაღაზიების კონსულტანტების დასატრენინგებლად საჭიროა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე – www.moe.gov.ge განთავსებული სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შევსება.
სამინისტრო და UNDP აქტიურად ითანამშრომლებენ ბიზნეს კომპანიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პროფესიულ კოლეჯებთან და ახალგაზრდულ ჯგუფებთან. ღონისძიებაზე შეკრებილ აუდიტორიას სამინისტროს წარმომადგენლებმა მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომელიც ოზონდამშლელი ნივთიერებების გამოყენებასა და შესაბამისი მოწყობილობების ტექნიკურ მომსახურებას ეხება.