ბათუმის კლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 6 წლის ბავშვი დაიღუპა
ბათუმის კლინიკაში 6 წლის ბავშვი დაიღუპა. მცირეწლოვანი, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, ოკუპირებული გალიდან 2 დღის წინ მშობლებმა თავდაპირველად ზუგდიდში გადაიყვანეს. ზუგდიდის რეფერალურ კლინიკაში მას პირველადი გამოკვლევები ჩაუტარდა და დახმარება გაეწია, თუმცა, მისი გადაყვანა ბათუმის კლინიკაში გახდა აუცილებელი.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმის თქმით, ბავშვის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.
“ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შემოყვანილ იქნა თვითდინებით 6 წლის ბავშვი მშობლების მიერ, რომელსაც ჰქონდა ცხელების, სუნთქვის გაძნელების და ხველების რამდენიმედღიანი ანამნეზი. ბავშვი შემოყვანისას მოთავსდა გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში, გამოხატული იყო სუნთქვის მწვავე უკმარისობის მომენტები, გულსისხლძარღვთა სისტემის მწვავე უკმარისობა, შესაბამისი პირველადი დახმარების შემდეგ ბავშვი გადაიგზავნა საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მიერ სპეციალიზებულ კლინიკაში – ბათუმის დედათა და ბავშვთა სახელობის ცენტრალურ ჰოსპიტალში. პირველადი დახმარების და გაწეული რეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ ბავშვი ბათუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა”, – ამბობს ექიმი.