ვაგრძელებთ ისრაელის გვერდით დგომას, რათა უზრუნველვყოთ, რომ 7 ოქტომბერი აღარასოდეს განმეორდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თელ-ავივში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან ხაზი გაუსვა „ჰამასის“ ტყვეობაში დარჩენილი მძევლების სახლში დაბრუნების აუცილებლობას, ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას, ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გაძლიერებას და კონფლიქტის გავრცელების პრევენციას.
„შეერთებული შტატები აქტიურად მუშაობს ამ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ მიმავალი გზის გასამაგრებლად“, – განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, ისრაელმა თავის სამხედრო კამპანიაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ჩრდილოეთ ღაზის სექტორში ახალ, დაბალი ინტენსივობის ფაზაზე გადადის, სადაც ძალებს ამცირებს.
ბლინკენი ამბობს, რომ ის და მისი ისრაელელი მასპინძლები ახალ გეგმაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც გაერო შეფასების მისიას განახორციელებს, რათა დაადგინოს, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დევნილ პალესტინელებს სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეთ.
„ახლა, ეს არ მოხდება ერთ ღამეში“, – ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და სერიოზული უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურისა და ჰუმანიტარული დაბრკოლებების შესახებ საუბრობს.
„პალესტინელ სამოქალაქო პირებს სახლში დაბრუნების საშუალება უნდა მიეცეთ მაშინვე, რაც პირობები ამის საშუალებას მიეცემა“, – განაცხადა ბლინკენმა.