ელ-ნინიოს ფენომენის ფონზე ჰაერის ტემპერატურის მატების გამო, 2024 წელი შესაძლოა, ისტორიაში ყველაზე ცხელი აღმოჩნდეს.
ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
აღნიშნულია, რომ 2023 წელს საშუალო მაჩვენებელი ინდუსტრიალურ ეპოქამდე არსებულ ტემპერატურაზე, დაახლოებით, 1,4 გრადუსით მაღალი იყო. ექსპერტების წინასწარი შეფასებით კი, წელს ტემპერატურა შესაძლოა, 1,3-1,6 გრადუსით მოიმატებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ უპირველეს ყოვლისა ეს ცვლილება გამოწვეულია კლიმატური ცვლილებებით, “წიაღისეული საწვავის წვა ატმოსფეროში სათბურის გაზების რაოდენობის ზრდას იწვევს, რაც საშუალო გლობალური ტემპერატურის ზრდას იწვევს”.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია “ელ-ნინიო” – ბუნებრივი მოვლენა, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის ანომალიური მატება წყნარ ოკეანეში წყლის ზედაპირზე.
როგორც ოკეანის მოდელირების არაკომერციული ორგანიზაციის ([C]Worthy)-ის სპეციალისტმა, ულა ჰიდმა თქვა, რაც უფრო დიდხანს გრძელდება ელ-ნინიოს გავლენა, მით უფრო თბილი ხდება წყნარი ოკეანე და მის ზემოთ ჰაერი.
ოკეანისა და ატმოსფერული კვლევების ეროვნული სამმართველოს სპეციალისტმა, მაიკლ მაკფედენმა თქვა, რომ ელ-ნინიოს პიკს რამდენიმე თვე სჭირდება, ამიტომ, შესაძლოა, იყოს შეფერხება წყნარი ოკეანის დათბობასა და დედამიწის ზედაპირზე ტემპერატურის ზრდას შორის.
„სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ელ-ნინიოს მეორე წელი უფრო ცხელი იქნება, ვიდრე პირველი“, – აღნიშნავს Bloomberg-ი.
მეტეოროლოგ პეტერი ტაალასის თქმით, 2024 წელი კიდევ უფრო ცხელი იქნება, ხოლო გვალვები ან წყალდიდობები გახშირდება.
კლიმატოლოგმა ნიდერლანდების სამეფო მეტეოროლოგიური ინსტიტუტიდან, ვიკი ტომპსონმა თქვა, რომ გასულ წელს მაღალი ტემპერატურის გამო ყინულის დიდი ნაწილი დადნა, რამაც შესაძლოა, ჩრდილო ატლანტიკის გასწვრივ რეაქტიული ნაკადი შეცვალოს. ამის შედეგად კი, ევროპაში შესაძლოა, ქარიშხლები გაძლიერდნენ ან ახალ ადგილებში გამოჩნდნენ.
გარდა ამისა, ელ-ნინიოს ფენომენის გამო, მოხდება ცვლილებები, რამაც შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს სოფლის მეურნეობის სექტორზე და ასევე, გააუარესოს ვითარება ტყის ხანძრებთან დაკავშირებით, მაგალითად, კანადასა და შეერთებულ შტატებში.
Bloomberg-ი ასკვნის, რომ, “როგორც ჩანს, კაცობრიობამ კლიმატურ სისტემაში გარკვეული გარდამტეხი მომენტი გადალახა”.