რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რომლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 45 – დაშავდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთის არმიის დარტყმების შემდეგ დონეცკის, ხერსონის და ხმელნიცკის ოლქებში გადაუდებელი სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება.
„დილა, სამწუხაროდ, კვლავ დაიწყო მასიური სარაკეტო შეტევით. ხარკოვი და ხარკოვის ოლქი, ზაპოროჟიე, კრივი-რიჰი, ხმელნიცკის ოლქი. 45 ადამიანი დაშავდა და ამ დროისთვის ცნობილია ოთხი დაღუპულის შესახებ. ტერორისტული სახელმწიფო ნამდვილად იგრძნობს ჩვენს პასუხს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მანვე დასძინა, რომ შემდეგი თვე საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით დატვირთული იქნება.
„ბევრი ნაბიჯი იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას შევძლებთ. ჩვენს პარტნიორებთან უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ ვიმუშავებთ. ვიმუშავებთ ახალი სანქციების შესახებ. რუსეთზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. კიდევ ერთ პრიორიტეტულ ამოცანას რეალური გადაწყვეტილებების უკრაინის ინტერესების მიხედვით გამოყენება და შემდეგ სამართლიანობის აღდგენის მიზნით რუსული აქტივების კონფისკაცია წარმოადგენს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.