რომეო მიქაუტაძე: ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება მთავრობის სწორი და განვითარებაზე ორიენტირებული დარგის მართვის შედეგია
საქართველოში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდა. შემცირებული ტარიფები 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში.
ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებაზე კომენტარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ გააკეთა.
„მომდევნო სამი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფები სამი თეთრით შემცირდება, რაც მთავრობის სწორი, თანმიმდევრული, შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებული დარგის მართვის შედეგია. ამით შესაძლებელი გახდა, რომ ენგურჰესის რეაბილიტაცია მომხდარიყო და ამით შექმნილიყო იაფიანი რესურსი, ასევე იმპორტირებული, შედარებით ძვირიანი რესურსი ჩანაცვლდა თბოელექტროსადგურებიდან ნაწარმოები ელექტროენერგიით და სისტემაში სხვა განახლებადი წყაროები შემოვიდა”, – განაცხადა მიქაუტაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
„მთავრობის დეკლარირებული პოლიტიკაა, რომ გაგრძელდეს ახალი განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალური ათვისება,” – აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.