“როგორ შეიძლება, პოლიტიკური ამბიცია ჰქონდეს გუნდს, რომელმაც ისეთი რამ ჩაიდინა, რაზეც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული” – მიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძემ „ხალხის ძალის“ ინიციატივა შეაფასა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლებას ეხება. ამ თემაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ „ქრონიკაში“ ისაუბრა.
„პირდაპირ ვამბობ, რომ სასამართლო არ არის ერთადერთი ადგილი ან სივრცე, სადაც სამართლებრივი შეფასებები კეთდება ცალკეული საკითხების ირგვლივ. ეს შეიძლება იყოს ბევრი სხვა ფორმით. რასაკვირველია, ამას ფორმა შეიძლება, მოეძებნოს. მთავარია, ყველაფერს თავისი სახელი ერქვას. რაც შეეხება ფორმების მონახვას, სამართალი, პოლიტიკა არის ჭეშმარიტების დადგენის საშუალებები. შესაბამისად, ვფიქრობ, თუკი არის საზოგადობის ნაწილი, რომელსაც სჭირდება ამ საკითხებზე კონკრეტული პასუხების დარქმევა, რასაკვირველია, ეს ლეგიტიმურია.
მაგალითისთვის ვიტყვი, თუკი ადგილი აქვს რაიმე დანაშაულს, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს გამოძიებული და ბუნებრივია, რომ ამას კონკრეტული სამართლებრივი რეაგირებაც უნდა მოჰყვეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მან სისტემური სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც გაიხსენა, რომელშიც საუბარი ციხეებში სისტემურ წამებაზეა და აღნიშნა:
„როგორ შეიძლება, პოლიტიკური ამბიცია ჰქონდეს გუნდს, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ისეთი რამ ჩაიდინა, რასთან დაკავშირებითაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული“.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ „ნაციონალური მოძრაობის“ გასამართლების აუცილებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.