ბჟანიამ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შესახებ კანონს მოაწერა ხელი

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემისა და მათი გამოყენების წესის შესახებ კანონს მოაწერა ხელი.

დოკუმენტი ე.წ. სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ბჟანიამდე შეთანხმების რატიფიცირება ე.წ.პარლამენტმა გამთენიისას, რიგგარეშე სესიაზე მოახდინა.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ.ელჩმა, მიხაილ შურგალმა თქვა, რომ რუსეთისთვის აგარაკების გადაცემა ხელს შეუწყობს ორ “ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას”.

პროცესს მთელი ღამის განმავლობაში ე.წ. პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ხალხი აპროტესტებდა.

აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ “დეპუტატებმა კონსტიტუცია და კანონები უგულებელყვეს”. მათი ნაწილი ამბობს, რომ, “როგორც ჩანს, ვიღაც ახდენდა მათზე ისეთ ზეწოლას, რომ ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღეს”.

შეკრებილები ასევე აცხადებენ, რომ “ამიერიდან დეპუტატების მიმართ უნდობლობა აქვთ, რადგან მათგან ყველაფერია მოსალოდნელი – უცხო ქვეყნისთვის ნებისმიერი რამის გადაცემა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები