“რთული დრო გველოდება და ეს უნდა გავიაზროთ” – სოხუმში რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემას აპროტესტებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტთან შეკრებილები აპროტესტებენ გადაწყვეტილებას, რომელიც ე.წ პარლამენტმა რიგგარეშე სესიით გამთენიისას დაჩქარებული წესით მიიღო.

ე.წ პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რასაც აფხაზი საზოგადოება უწოდებს “კონსტიტუციის დარღვევას, აფხაზეთის კანონების ფეხქვეშ გათელვას”.

მათი თქმით, ეს არის საშიში პრეცედენტი, რომელსაც შესაძლოა, მოჰყვეს სხვა მავნებელი გადაწყვეტილებები, რადგან “დეპუტატებს შეუძლიათ, ასე შეიკრიბონ და მიიღონ ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება”.

“ყველაზე საშინელი რამ მოხდა, რაც შეიძლება, მომხდარიყო. დეპუტატებმა უგულებელყვეს აფხაზეთის კანონები, კონსტიტუცია, ფეხქვეშ გათელეს ამ ქვეყნის კანონი და კონსტიტუცია. რაც თქვეს, რომ თითქოს გამოასწორეს ის ხარვეზები, რაც შეთანხმებაში იყო – ტყუილია. რადგან ის, რაც მათ ჩაასწორეს, საკითხის არსს არ ცვლის. არ ერიდებიან ტყუილს. ყველამ ვიცით, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. დეპუტატებმა ისიც უნდა განმარტონ, რატომ გამართეს რიგგარეშე სესია ღამით. სახელმწიფოებრივი დანაშაული ჩაიდინეს. მინდა, რომ ჩვენმა ხალხმა ეს იცოდეს, რომ დეპუტატები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არ იცავენ, არ იცავენ ჩვენს კონსტიტუციას, არ იცავენ ჩვენი ქვეყნის კანონებს. მათ დღეს ხალხის ნდობა დაკარგეს, ვერ ვანდობთ ჩვენი ქვეყნის ბედს. მათ შეუძლიათ, ხვალაც შეიკრიბონ და მიიღონ სხვა გადაწყვეტილება უცხო ქვეყნისთვის კიდევ რამე ტერიტორიის გადაცემაზე, ან აპარტამენტებზე, ან რაც მოესურვებათ”, – თქვა აქტივისტმა, ასიდა შაქრილმა.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან მიქავამ თქვა, რომ საჭიროა ამ გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნა.

“არც ვიცი, რომელ დეპუტატებს უნდა მოვთხოვოთ ეს. სხვა დღესაც მოვალთ. მოვალთ მაშინ, როდესაც არ გველოდებიან და მოვითხოვთ, ამ გადაწყვეტილების გაუქმებას. ჩვენ არ შეგვიძლია უკანონო გადაწყვეტილების მიღება. სამარცხვინო გადაწყვეტილებაა”,- თქვა მან.

ოპოზიციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ლევან ლაგვილავამ თქვა, “ის ფაქტი, რომ შეთანხმების რატიფიცირება ჯერ 28 დეკემბერს დაანონსდა და მერე მოულოდნელად 27 დეკემბრისთვის გადმოიტანეს, მიანიშნებს იმაზე, რომ მათ საკუთარი ხალხის ეშინიათ. მათ ეშინიათ, რომ აქ მეტი ხალხი შეიკრიბებოდა, მათზე ზეწოლას მოახდენდნენ, ამიტომ ჩქარობდნენ უკანონო გადაწყვეტილების მიღებას. ფაქტობრივად, დღეს მათ გააუქმებს ცნება – კანონი, საკუთარი თავი კანონზე მაღლა დააყენეს, თავი კონსტიტუციაზე, ხალხზე მაღლა დააყენეს. მათ კიდევ იმის დემონსტრირება მოახდინეს, რომ ისეთი რამ ახდენს მათზე ზეწოლას, რაც ასეთი გადაწყვეტილების მიღებას აიძულებს. შეუძლია ადამიანს, 10-მეტრიანი დისტანცია 1 წამში გაირბინოს? – არა, არ შეუძლია.შესაბამისად, არც საკონსტიტუციო კანონის მიღება შეუძლია პარლამენტს ერთი სესიის ფარგლებში. ხალხს უნდა ესმოდეს, რომ რთული დრო გველოდება და ეს უნდა გავიაზროთ”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები