ირაკლი ზარქუა: ევროპელმა მაღალჩინოსნებმა იციან, რა გააკეთა ქართულმა სახელმწიფომ და როგორ ვიმუშავეთ
“ევროკომისრებმა და ევროპელმა მაღალჩინოსნებმა იციან, რა გააკეთა ქართულმა სახელმწიფომ, მთავრობამ, პარლამენტმა და როგორ ვიმუშავეთ. ახლა სწორედ იმას აღიარებენ, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება დამსახურებულად მოხდა ქართულ ხელისუფლებასთან ერთად“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის მიზანი იყო, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.
„ამ ხელმოცარულებს თავის ევროპელ პარტნიორებთან ერთად მცდელობა ჰქონდათ, რომ ქვეყანას სტატუსი ვერ მიეღო. არ გახსოვთ? ქალბატონი რაისები, ფოტიგები, კუბილიუსები. გამოდიოდნენ და რას ამბობდნენ? რა კანდიდატის სტატუსი პრეზიდენტს კლავთო და რაღაცებს იგონებდნენ. ახლა ჯიგარი გვმოძღვრავს, პოლიტიკურ სტრატეგიაზე საუბრობს და რევოლუციებს აკეთებს. ეს ყველაფერი სიცრუეზე აგებული კამპანია იყო და ლობისტურ კომპანიებში მილიონობით იხდიდნენ იმაში, თურმე, ქართული სახელმწიფო როგორ წამლავს და კლავს მიხეილ სააკაშვილს. ეს ხომ ბლეფი აღმოჩნდა? სად არიან კუბილიუსები, რატომ არ გვილოცავენ და ამბობენ, რომ შეცდომაში იყვნენ შესული. ისინი არასდროს იყვნენ ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს მეგობრები. ისინი იყვნენ კონკრეტული პარტიის ლობისტები, რაშიც ვამხილე. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, ევროკომისრებმა და ევროპელმა მაღალჩინოსნებმა იციან, რა გააკეთა ქართულმა სახელმწიფომ, მთავრობამ, პარლამენტმა და როგორ ვიმუშავეთ. ახლა სწორედ იმას აღიარებენ, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება დამსახურებულად მოხდა ქართულ ხელისუფლებასთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.