ბიძინა ივანიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას” სურს, რომ საქართველო ცეცხლის ალში იწვოდეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს ხელისუფლებამ ადეკვატურად შეაფასა. ამის შესახებ ივანიშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უკრაინის კრიზისზე ოფიციალური თბილისის მიერ დაფიქსირებული პოზიციის შეფასებისას განაცხადა. ექსპრემიერი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ყველა მეზობელთან ძალიან დაბალანსებული პოზიცია აქვს და მათ შორის, “დაჩაგრულ უკრაინასთან“.
“ღმერთმა ნუ ქნას, რომ ის გაგრძელდეს, რაც ხდება უკრაინაში. მე დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს დროში დალაგდება და დარეგულირდება ყველაფერი. რა თქმა უნდა, საშინელებაა, რაც უკრაინაში ხდება. ჩვენ, ყველანი, და მე პირადად მხარს ვუჭერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანას, უკრაინას, ვისურვებდი, სწრაფად დამყარდეს იქ მშვიდობა და უკრაინა ჩვენთან ერთად გახდეს ევროკავშირის წევრი. რაც შეეხება იმას, ადეკვატურად შეაფასა თუ არა საქართველოს მთავრობამ უკრაინის მოვლენები. ჩემი აზრით, აბსოლუტურად ნორმალურად შეაფასეს. მე მყავს მხედველობაში პრემიერიც, პრეზიდენტიც და პარლამენტიც“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ექსპრემიერი თვლის, რომ ეს “ნაციონალურ მოძრაობას“ ხელს არ აძლევს, მეტიც ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლებაში კვლავ აღნიშნული პარტია დარჩებოდა, უკრაინა-რუსეთის ომში საქართველოც ჩართულიყო.
“ნაციონალურ მოძრაობას” სურს, რომ ცეცხლის ალში იწვოდეს საქართველო, რადგან დღეს ისინი აღარ არიან ხელისუფლებაში. მათი პრობლემა გახდა საქართველო. ღმერთმა გადაგვარჩინა, რომ ისინი არ არიან დღეს ხელისუფლებაში, თორემ შესაძლოა, ამ ომში ჩართული საქართველო გვეხილა… მე ვფიქრობ, რომ ძალიან დაბალანსებული პოზიცია გვაქვს ყველა ჩვენს მეზობელთან და მათ შორის, დაჩაგრულ უკრაინასთან, ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია. შარვლიდან ამოხტომა ვისაც უნდოდა, მან ქვეყანა საშინელ დღეში ჩააგდო. ხტებოდა კიდეც შარვლიდან და გლობალურ მოთამაშედ გვაჩვენებდა თავს. მათ რაც დამართეს ქვეყანას, კარგად დავინახეთ.
ახლა ეს ბავშვები გვიკიჟინებენ, რომ ჩვენ ისევ ომში უნდა ჩავერთოთ. ამ დროს ვერც ევროპიდან და ვერ ამერიკიდან ვერ ნახავთ ვერც ერთ საყვედურს, პირიქით, აშშ-ის თავდაცვის მდივანი იყო ჩამოსული და მან მოგვიწონა რუსეთთან დაბალანსებული ურთიერთობა. ასე იწონებენ სხვებიც და ჩვენი პოზიცია მისაღებია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია, რაც არ შეგვეძლო, იმას აკეთებდა ერთი კაცი. სწორედ ამიტომ დაგვემართა წარსულში ამდენი უბედურება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები