“აფხაზეთში კრემლის მავნე გავლენა არ არსებობს” – არძინბა USAID-ის საქმიანობის აკრძალვაზე
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ე.წ.რესპუბლიკის საშინაო საქმეებში ჩარევა უშედეგოა.
მისი თქმით, USAID-ი ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას და მათ ჰუმანიტარულ პროექტს საკუთარი ამოცანების შესასრულებლად ფარად იყენებს.
„მათი პირველი ამოცანაა – საქართველოს ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოში აფხაზეთის ე.წ. რეინტეგრაციის გზით. რა თქმა უნდა, ეს ამოცანა აბსოლუტურად მიუღებელია და ჩვენ მის განხორციელებას არ დავუშვებთ. მეორე ამოცანაა – კრემლის ე.წ. მავნე გავლენის შეწინააღმდეგებაა“, – განაცხადა არძინბამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მიზნები მითითებულია ორგანიზაციების ოფიციალურ ვებგვერდზე, რის გამოც “აფხაზეთში ყველა პროექტი, რომელიც USAID-ის დაფინანსებით ხორციელდება – აიკრძალა”.
არძინბამ დასძინა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში „კრემლის მავნე გავლენა არ არსებობს. მოსკოვთან ურთიერთობა თანაბარი და ორმხრივად მომგებიანი ალიანსია, რომელიც მომავალშიც იარსებებს”.