“დღევანდელი დღე არის არა მხოლოდ უახლესი ისტორიის შავი ფურცელი, არამედ გაფრთხილებაც, რომ ის არასდროს უნდა განმეორდეს” – ცუცქირიძე თბილისის ომის 32-ე წლისთავს ეხმაურება
ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში თბილისის ომის 32-ე წლისთავთან დაკავშირებით წერს.
„22 დეკემბერი არის უმძიმესი დღე საქართველოს ისტორიაში, რადგან 32 წლის წინ, 1991 წელს 22 დეკემბერს გამთენიისას დაიწყო სამხედრო პუტჩი, რასაც გადამწვარი თბილისი, აოხრებული და დარბეული სამეგრელო და ეროვნული ხელისუფლების იარაღის ძალით დამხობა მოჰყვა.
საქართველოში განვითარებული მოვლენები, ჩემი შეფასებით, იყო პირველი მაიდანი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში გათამაშდა, ოღონდ განსხვავებული გლობალური აქტორებით. სახელმწიფო გადატრიალებას კი წინ უძღოდა ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტის რესპუბლიკელი ჯორჯ მამა ბუშის ცნობილი განცხადება საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დინების საწინააღმდეგოდ ცურვაზე. ისტორიისათვის შემოსანახად, დავამატებდი, რომ გადატრიალების პრეისტორია დაკავშირებული იყო, როგორც „ბოროტი ენები“ ამბობდნენ, მალტის შეთანხმების ფარულ ნაწილთან, სადაც ბალტიის ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება გადაწყდა ცნობილი რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტიდან გამომდინარე, ხოლო საქართველო სხვა საბჭოთა რესპუბლიკებთან ერთად დატოვეს რუსული გავლენის სფეროში, რასაც ზვიად გამსახურდია არ დაეთანხმა. გადატრიალებამდე, მამა ბუშის განცხადებამდე და განსაკუთრებით მერე, დასავლურ პრესაში აგორდა ეროვნულ ხელისუფლებაზე ცილისმწამებელი სტატიები, ეროვნული უმცირესობების ჩაგვრასა და ნაციონალიზმზე.
რაც შემდეგ უკრაინაში 2014 წელს მოხდა მაიდანის სახელწოდებით, იყო თავისებური გაგრძელება საქართველოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენებისა. თუ ჩვენთან ეროვნული ხელისუფლების დამხობის მთავარი აქტორი რუსეთი იყო, დასავლეთის წაყრუებით და მდუმარე თანხმობით, უკრაინაში როლები შეიცვალა, უკვე დასავლეთი იყო მთავარი აქტორი, რუსეთის, ფაქტობრივად ,წაყრუების ფონზე, სანაცვლოდ რუსეთი თითქმის უბრძოლველად დაიკავებს ყირიმს.
რაც დღეს ხდება უკრაინაში არის საქართველოში დაწყებული სისხლიანი გეოპოლიტიკური გამბიტის გაგრძელება, სადაც ერთმანეთის პირისპირ უკვე დასავლეთი და რუსეთი დგანან…
ბუნებრივია, სახელმწიფო გადატრიალებათა უმრავლესობა ადგილობრივ რენეგატთა ხელით ხორციელდება, რაც, სამწუხაროდ, საქართველოშიც მოხდა, ავანგარდში წითელი ინტელიგენციის, მედროვეთა და ფსევდოპატრიოტთა მონაწილეობით, რუსეთის სპეცსამსახურების ჩართულობით და რასაც შემდგომში უკვე მოჰყვა აფხაზეთის სამხედრო კონფლიქტი და მისი ფაქტობრივი ჩამოცილება საქართველოსაგან, ცხინვალთან ერთად.
დღევანდელი დღე კი არის არა მხოლოდ ჩვენი უახლესი ისტორიის შავი ფურცელი, არამედ გაფრთხილებაც, რომ იგი არასდროს არ უნდა განმეორდეს!“, – წერს ცუცქირიძე.