პრემიერი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ეხმაურება

პრემიერ-მინისტრი აშშ-ს სახელლმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გამოეხმაურა. ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში პოლიტიკურ დევნაზე არანაირი საუბარი არ არის და არც ერთი კითხვა არ არსებობს.
“ეს ნორმალურია, ჩვეულებრივია. არავითარ პოლიტიკურ დევნაზე საუბარი არ არის. ჩვენ ამასთან დაკავშირებით უკვე გავაკეთეთ განცხადება. არავითარი პრობლემა და არც ერთი კითხვა არ არსებობს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 13 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, სადაც მოუწოდებს საქართველოს ყველა პროდემოკრატიულ და პროევროატლანტიკურ ძალას, ფოკუსირება მოახდინონ საერთო ინტერესებზე, რომელიც დაფუძნებულია ახლახან განხორციელებულ მიღწევებზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამავე ძალებს მოუწოდებს, ერთობლივად იმუშავონ, რათა ქვეყანა წინ წავიდეს და ძალისხმევა მიიმართოს ეკონომიკური და რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევაზე.
“ჩვენ შეშფოთებული ვართ ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებით და სისხლის სამართლებრივი დევნით, ასევე იმ რისკებით, რასაც პოლიტიზებული სამართლებრივი დევნა შეუქმნის საქართველოს დემოკრატიას.
ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას, რომელიც უნდა შეიცავდეს პოლიტიკურ პლურალიზმს და ღია დებატების პატივისცემას”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები