2023 – პოეტ მერი ბიწაძის უკვდავყოფის წელიწადი აღმოჩნდა
კარდენახელი პოეტის მერი ბიწაძის (1929-2006) ხსოვნის წინაშე წლების განმავლობაში მთელი სოფელი ვალში გრძნობდა თავს. საბედნიეროდ, წლევანდელი წელი იქცა იმის ნიშანსვეტად, რომ ამიერიდან მის სახელს დავიწყების და მით უფრო გაქრობის საფრთხე აღარასოდეს დაემუქრება.
მისი გარდაცვალებიდან 17 წლის განმავლობაში არ გამოცემულა მისი ლექსების კრებული, რომელიც მან ბავშვობის მეგობარს, კარდენახის საჯარო სკოლის მასწავლებელს, მერი ხოსიტაშვილს იმის სურვილით გადასცა, რომ მისი ლექსები ოდესმე წიგნის სახით იხილავდა დღის სინათლეს. ქალბატონი მერი ხოსიტაშვილი ისე გარდაიცვალა, რომ ვერ მოესწრო ამ წიგნის გამოცემას. მისმა ოჯახმა ეს მასალა მე გადმომცა, რამაც მიმანიშნა, რომ ეს ძალიან საჭირო და მადლიანი საქმე მე უნდა მიმეყვანა ბოლომდე და, უფლის განგებით, მე ეს შევძელი. წიგნის რედაქტორის, ბრწყინვალე პოეტისა და ჟურნალისტის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ქალბატონ თამარ შაიშმელაშვილის დიდი ღვაწლია, რომ მკითხველმა მიიღო მერი ბიწაძის კრებული „ჯვარცმული ლექსი” (გამომცემლობა „მწიგნობარი”, 2023).
მერი ბიწაძის წიგნი გამოსვლისთანავე დაიდო გასაყიდად „სტამბის წიგნებში“, მერაბ კოსტავას №14 ნომერში, სადაც მისი შეძენა დღემდე შესაძლებელია.
წლეულსვე აღნიშნული წიგნის წარდგენები გაიმართა საქართველოს მწერალთა სახლში, მაჩაბლის ქუჩაზე და ასევე სოფელ კარდენახში მდებარე სასტუმრო „ამპელოს” დარბაზ „არტ-ჰოლში”. პოეტურ სიტყვასთან ამ შეხვედრებმა გამოავლინა, თუ როგორი კრძალვითა და სისათუთით ელოდა საზოგადოება მერი ბიწაძის დავიწყების ბურუსიდან ამონათებას.
ჭინჭარი და შამბი მოსძალებოდა და ჟამი გაუჩინარებით ემუქრებოდა პოეტის საფლავს, რომელსაც უპატრონეს და მესერი შემოარტყეს მერი ბიწაძის უმცროსმა მეგობარმა მარინე ჭუჭულაშვილმა და პოეტის კარის მეზობლებმა: მალხაზ, გოჩა და ნანა ფრიდონაშვილებმა.
ამ დღეებში კი ზუსტად ნიკოლოზობას პოეტის საფლავზე დაიდო დიაბაზის ქვა, რომელიც ამიერიდან საზოგადოებას შეახსენებს, რომ აქ განისვენებს პოეტი, რომელიც სიცოცხლეში ვერ მოესწრო ვერანაირ აღიარებას და მხოლოდ ახლა იწყება მისი ფართო საზოგადოებისთვის აღმოჩენის პროცესი. აღსანიშნავია. რომ ამ კრებულის გაცნობის შემდეგ, რამდენიმე პოეტმა უძღვნა ლექსი მერი ბიწაძის ტრაგიკულ ბედისწერას. უკვე სამი სიმღერა შეიქმნა მის ტექსტებზე. გაჩნდა მკვლევართა და კრიტიკოსთა პირველი შეფასებები მერი ბიწაძის როგორც უაღრესად მნიშვნელოვანი პოეტური ფენომენის შესახებ. რად ღირს, თუნდაც ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, გამოჩენილი ლექსმცოდნის, პროფესორ თამარ ბარბაქაძის წერილი, სადაც იგი ასეთ რამეს ამბობს: „მერი ბიწაძის ლექსში გაერთიანებული ზეცა და მიწა ყველაზე საიმედო თავშესაფარია მკითხველისთვის, რომელიც სულის სიმშვიდესა და ჰარმონიას პოულობს ამ ტანჯული ქალის სტრიქონებში:
ზეცა მიწაზე ჩამოღვრილი
ფეხთ მიფენია,
ქვეყნად რამდენი ფანჯარაა,
მზეც იმდენია…
შეიძლება თამამად გამოვაღოთ მერი ბიწაძის ლექსების ფანჯრები და მზის სინათლე შემოვუშვათ საკუთარი თუ ზოგადსაკაცობრიო სევდის განსაქარვებლად”.
რადგან პოეტის ხელახალი აღმოჩენა და მისი პატივგება გრძელდება მისი გარდაცვალებიდან საკმაო დროის შემდეგ, ეს ცხადად მოწმობს, რომ მერი ბიწაძემ აჯობა დროს, მან დაარღვია წლების დუმილი და კვლავ ჩვენთან არის თავისი სიტყვის დუღაბით და სულის მშვენიერებით, რომელიც ასე აფხიზლებს და შვებას ჰგვრის მკითხველის გულსა და გონებას. ეს ჭეშმარიტად საჭირო და ღრმა პოეზიაა, რომელიც გაძლებასა და სიმტკიცის შენარჩუნებაში გვეხმარება. სწორედ ეს გარემოება აქცევს მერი ბიწაძეს მარად თანამდევ პოეტად, ვის სახელსაც დრო და ჟამი მეტი ნათელით გაასხივოსნებს.
კარდენახის საჯარო სკოლა(დირექტორი მაკა ღლიღვაშვილი), რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის შესანიშნავი მასწავლებლები ჰყავთ, მათ ვინც დიდი ინტერესი გამოავლინეს მერი ბიწაძის ჯვარცმული ცხოვრების და ლექსის მიმართ, მჯერა, თავიანთ პრაქტიკაში უფრო მეტ დროს დაუთმობენ პოეტის სამყაროსთან თავიანთი მოსწავლეების დაახლოებას და ჩვენს მომავალ თაობას უკეთ გააცნობენ მერი ბიწაძის პოეზიას და უკომპრომისო პიროვნებას.
15 ოქტომბერი არის მერი ბიწაძის დაბადების დღე, 30 იანვარი კი – მისი აღსასრულის თარიღი. წელიწადში ამ ორ დღეს რომ მოვიდნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, გაიხსენონ მისი სახელი და მიხედონ პოეტის უკვე გადარჩენილ და მოვლილ საფლავს, ეს მართლაც დიდი მადლი და კეთილშობილება იქნება მათი მხრიდან.
ასევე სამართლიანი იქნება, კარდენახში მერი ბიწაძის სახელს ბიბლიოთეკას, სკვერს ან წყაროს თუ მიანიჭებენ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას კი ალბათ დროა, თხოვნით მიმართოს კარდენახის საზოგადოებრიობამ, რათა ქალაქ გურჯაანში რომელიმე ქუჩას დაერქვას მერი ბიწაძის სახელი.
გიორგი ლალიაშვილი