საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხზე იმსჯელეს
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხზე ანგარიში წარადგინა. მისი თქმით, კომიტეტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყოველკვარტალურ მონიტორინგს ატარებს. ამჯერად კომიტეტმა 2023 წლის 1 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით პარლამენტის წევრების მიერ გაგზავნილ კითხვებზე რეაგირების საკითხი შეისწავლა.
შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ საანგარიშო პერიოდში, პარლამენტის წევრთა 774 კითხვა გაიგზავნა, რომელთაგან პასუხი გაცემულია 545 წერილობით კითხვაზე (70%), ხოლო 229 წერილობით კითხვაზე პასუხი გაცემული არ არის, რაც გაგზავნილი კითხვების საერთო რაოდენობის 30%-ს წარმოადგენს.
კითხვების ადრესატები იყვნენ: საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, სამინისტროები, მინისტრები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მუნიციპალიტეტები, სხვა დაწესებულებები.
„შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება შევაჯამოთ, რომ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი – პარლამენტის წევრის კითხვა, საკმაოდ აქტიურად გამოიყენება საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ. სამწუხაროდ, სახეზეა პასუხგაუცემელი კითხვების გარკვეული რაოდენობა, აგრეთვე, ინფორმაციის შესწავლისას გამოიკვეთა პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადის დარღვევისა და არაუფლებამოსილი პირების მიერ გაცემული პასუხების ცალკეული შემთხვევები. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს. ასევე, განაგრძობს პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ მონაცემების შესწავლას და დინამიკაში დააკვირდება პარლამენტის წევრის კითხვებზე რეაგირების საკითხს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.