ირანში “ბავშვი-პატარძალი” – სამირა საბზიანი ჩამოახრჩვეს

ირანში ჩამოახრჩვეს 29 წლის სამირა საბზიანი, რომელიც ცნობილი იყო, როგორც „ბავშვი-პატარძალი“, მას ქმრის მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს და ციხეში 10 წელი გაატარა.

სამირა საბზიანი წელს უკვე მე-18 ქალია, რომელიც ირანის ხელისუფლებამ სიკვდილით დასაჯა.

ამის შესახებ ნორვეგიაში დაფუძნებულ ირანის ადამიანის უფლებათა ორგანიზაციაში (IHR) განაცხადეს, თუმცა, ადგილობრივი მედია და არც ხელისუფლება ფაქტის შესახებ არ საუბრობს.

სამირა 15 წლის ასაკში გათხოვდა და, ახლობლების თქმით, მასზე სისტემატურად ოჯახში ძალადობა ხორციელდებოდა. 19 წლის ასაკში ის ქმრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, მაგრამ აღსრულება მთელი რიგი ბიუროკრატიული მიზეზების გამო გადაიდო.

დაკავების დროს მას ორი შვილი ჰყავდა, რომელთა ნახვის უფლება, ამ 10 წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ მისცეს – სიკვდილით დასჯამდე ცოტა ხნით ადრე, დეკემბრის დასაწყისში.

უფლებადამცველების თქმით, ბოლო პერიოდში ირანში სიკვდილით დასჯა საგრძნობლად გაიზარდა, მხოლოდ მიმდინარე წლის ნოემბერში 115 ადამიანია დასჯილი.

IHR აცხადებს, რომ 11 წლის განმავლობაში – 2010 წლიდან 2021 წლამდე – ირანში სიკვდილით 164 ქალი დასაჯეს. ამავე დროს, ორგანიზაციაში ხაზს უსვამენ, რომ რიცხვი შესაძლოა, გაცილებით მაღალიც იყოს.

სიკვდილით დასჯილი ირანელი ქალების 66%-ს ქმრების მკვლელობაში ადანაშაულებდნენ. ირანის კანონმდებლობით, ქალს განქორწინება არ შეუძლია, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები