საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილ, მთავრობის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშს აფასებს.
როგორც ის “კვირასთან” საუბარში აღნიშნავს, საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც მთავრობის სწორმა პოლიტიკამ გამოიწვია.
“პრემიერი ძალიან საინტერესოდ წარსდგა საზოგადოების წინაშე. ეს წელი საქართველოსთვის ძალიან წარმატებული იყო. ჩვენ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება ეკონომიკურ პარამეტრებს, ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა წელსაც, გაიზარდა დასაქმების მაჩვენებელი მაღალ ნიშნულამდე და უმუშევრობის მაჩვენებელი შემცირდა – სამიზნე მაჩვენებლებს ჩამოცდა ბოლო თვეების განმავლობაში. ეს არის პოზიტიური ტენდენცია, რომელიც დაფიქსირდა საქართველოში 2023 წელს.
გარდა ამისა, სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გამოიწვია ბიუჯეტის მაღალი მაჩვენებლები”,- განაცხადა მიხეილ დუნდუამ.
როგორც მინისტრის მოადგილე აცხადებს, საერთაშორისო სავალუტო
ფონდის ბოლო პროგნოზის მიხედვით, 2022-2028 წლებში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულზე ზრდის ტემპის მიხედვით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
“ფინანსთა სამინისტროს ჰქონდა საკანონმდებლო ინიციატივები, კანონებში შევიდა ცვლილებები იმისათვის, რომ მაქსიმალურად შესრულებულიყო დასახული ამოცანები კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. ფინანსთა სამინისტრომ და მთლიანად მთავრობამ დიდი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ პირნათლად შესრულებულიყო პირობები და მიგვეღო კანდიდატის სტატუსი.
წარმატებულმა პოლიტიკამ საერთაშორისო ინსტიტუტები, მაგალითად – საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაარწმუნა, რომ საქართველოს აქვს მაღალი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა და აქ პრემიერმაც გაუსვა ხაზი, რომ, საერთაშორისო სავალუტო
ფონდის ბოლო პროგნოზის მიხედვით, 2022-2028 წლებში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულზე ზრდის ტემპის მიხედვით საქართველო მსოფლიო მეორე ადგილზეა.
ეს მიუთითებს იმაზე, რომ საერთაშორისო წამყვანი ინსტიტუტები არიან დარწმუნებულნი, რომ განსაკუთრებულად წარმატებული ეკონომიკური მომავალი ელის ქვეყანას საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში. პოზიტიური ეკონომიკური ტენდენციები, რომელიც წელს საქართველოში დაფიქსირდა, არის შემდგომი წლების დიდი წარმატებების საწინდარი, მკაფიო მანიშნებელი იმისა, რომ შემდგომი წლები იქნება უფრო მეტი კეთილდღეობის მომტანი მოსახლეობისთვის”, – აღნიშნა დუნდუამ.