რუსთავში ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს აანთეს

რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, დღეს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აანთეს. საახალწლო ილუმინაციებით განათდა საშობაო ქალაქი, ყველა ცენტრალური გამზირი, ქუჩები, სკვერები და პარკები. საახალწლო ილუმინაციები რუსთავს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით გადაეცა საჩუქრად.
საზეიმო ღონისძიება, ქალაქის მთავარ მოედანზე თეატრალიზებული წარმოდგენით დაიწყო. რუსთავის უძველესი ისტორიის გაცოცხლების ფონზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, წელსაც უფლისწულმა აანთო. სადღესასწაულო კონცერტში ანსამბლმა ,,თუთარჩელამ”, რუსთავის კამერულმა ორკესტრმა, ნატო გელაშვილმა და ძმებმა ჭოხონელიძეებმა მიიღეს მონაწილეობა.
რუსთავის მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ღონისძიებას, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე ოჯახთან ერთად, პარლამენტარები ირაკლი შატაკიშვილი და ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
,,რუსთავში საახალწლო განწყობა უკვე კარგად იგრძნობა, დღეს მთელმა ქალაქმა ერთად ავანთეთ მთავარი ნაძვის ხე. ისტორიულ წელს ვაცილებთ, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო და ძალიან დიდი მოტივაციითა და ახალი გეგმებით ვხვდებით ახალ წელს. ღონისძიებები გაგრძელდება 7 იანვრამდე და შევეცდებით, რომ თითოეულ რუსთაველს ეს სადღესასწაულო მუხტი და განწყობა დიდხანს შევუნარჩუნოთ”, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
16 დეკემბრიდან, შობის ჩათვლით, თავისუფლების მოედანზე მოწყობილი იქნება საშობაო ბაზრობა, სადაც რუსთაველები და ქალაქის სტუმრები გემრიელი კერძებისა და გლინტვეინის დაგემოვნებას, საბავშვო-გასართობი შოუ პროგრამების ყურებას, ადგილობრივი მუსიკოსების კონცერტებზე დასწრებას შეძლებენ. საახალწლო ბაზრობაზე ხელნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
შობა-ახალი წლის საზეიმო ღონისძიებები, დღეს მთავარი ნაძვის ხის ანთებით დაიწყო და 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
31 დეკემბრის ღამის 11 საათიდან კი გალა-კონცერტი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრი, ანსამბლი ,,ერისიონი”, ,,შვიდკაცა”, ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე და სხვა ცნობილი ქართველი მომღერლები მიიღებენ. გალა-კონცერტს, ჯგუფი ,,რეგიონის” კონცერტი დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები