პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისთვის ახალგაზრდული მიმართულების დამატებას ითვალისწინებს
პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 85 ხმით მხარი დაუჭირა პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებას, რომელიც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტისთვის ახალგაზრდული მიმართულების დამატებას ითვალისწინებს.
ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან იცვლება საქართველოს პარლამენტის ორი კომიტეტის დასახელება და განისაზღვრება, როგორც – „განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი” და „სპორტის კომიტეტი”.
მომხსენებლის, გიორგი ჩაკვეტაძის განმარტებით, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილება აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში განსახორციელებელმა რეფორმამ განაპირობა, რომლის თანახმადაც, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი ახალგაზრდობის სფეროში გადაეცემა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
ცვლილების ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: გივი მიქანაძე, ირაკლი მეძმარიაშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე.