ლევან ვარშალომიძე ლვოვის გუბერნატორის მრჩეველი გახდა

   აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ლვოვის სამხარეო ადმინისტრაციის თავმჯდომარის იური ტურიანსკის მრჩეველი გახდა. როგორც უკრაინული მედია იუწყება, დღეს ლვოვში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ლევან ვარშალომიძე, გიორგი ვაშაძე, დავით კიზირია („ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“) მონაწილეობდნენ.
უკრაინული სააგენტო „УНИАН“-ი იუწყება, რომ „სააკაშვილის გუნდის წევრები ლვოვს რეფორმების გატარებაში დაეხმარებიან“ და ამ მიზნით ლვოვის სამხარეო ადმინისტრაციასა და “ინოვაციებისა და განვითარების ფონდს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
შეხვედრის დროს იური ტურიანსკიმ სააკაშვილის გუნდის მიერ გატარებული რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ლვოვის ოლქს ანალოგიური რეფორმები სჭირდება. ჩვენ ისეთი გუნდის შექმნა გვინდა, რომელიც ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს რეფორმირებას მაოხდენს. რუსეთის აგრესია და უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში რეფორმების გატარებას ართულებენ“ – აღნიშნა ტურიანსკიმ.
რეფორმების მნიშვნელობაზე ლევან ვარშალომიძემაც ისაუბრა.
„ჩვენ ერთი მტერი გვყავს, რომელსაც გაუხარდება, თუ სტაბილური და განვითარებული უკრაინა არ იარსებებს. უკრაინამ რეფორმები უნდა გაატაროს, რეალური ცვლილებები დღესვე უნდა დავიწყოთ“- აღნიშნა ვარშალომიძემ.
თავის მხრივ, გიორგი ვაშაძე, „Facebook“-ში საკუთარ გვერდზე აღნიშნავს, რომ „ქართველი ექსპერტები უკრაინულ მხარეს დაეხმარებიან რეგიონალური ადმინისტრაციის ორგანიზაციული ცვლილებებისა და ადმინისტრაციის სერვისების რეფორმირების გეგმის შემუშავებასა და იმპლემეტაციაში. ეს იქნება საპილოტე პროექტი, რომელიც ლვოვის სამხარეო ადმინისტრაციის მაგალითზე შექმნის რეგიონალური მართველობის ახალ სტანდარტს. ქვეყანაში მიმდინარე რეფორმა გულისხმობს ძალაუფლების გადანაწილებას ცენტრიდან ადგილებზე“.

წყარო: www.frontnews.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები