„მათ სურთ, ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში” – ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ე.წ. პარლამენტის წევრებთან შეხვედრა გამართა, რომელზეც ე.წ. საშინაო და ე.წ. საგარეო პოლიტიკის აქტუალური საკითხები განიხილა.

ასლან ბჟანიას გარდა, შეხვედრაში მონაწილეობდნენ, “ვიცეპრეზიდენტი – ბადრა გუნბა, პრემიერმინისტრი – ალექსანდრე ანქვაბი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი – აბესალ კვარჩია, პირველი ვიცე-პრემიერი ჯანსუხ ნანბა, ვიცეპრემიერი, ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი, იუსტიციის მინისტრი ანრი ბარციცი”.

ბჟანიამ აღნიშნა, რომ “ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აფხაზეთის ირგვლივ სამყარო, ფაქტობრივად, ნაკლებად კომფორტული და მშვიდი გახდა. იმისთვის, რომ მშვიდად დავიძინოთ და გავიღვიძოთ, რომ არ ვიფიქროთ ჩვენი შვილების ბედზე, გვჭირდება ჯარი, გვჭირდება სამხედრო ძალა. თანამედროვე არმია, აღჭურვილი რაკეტებით და დრონებით, საჰაერო თავდაცვისა და ელექტრონული ბრძოლის სისტემით, წყალქვეშა რაკეტებითა და ნავებით; არმია, რომელშიც ჯარისკაცები ჩაცმული, აღჭურვილნი და მომზადებულნი არიან თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად; არმია, რომელსაც აქვს საკმარისი თანამედროვე ტექნიკა, ტანკები, თვითმფრინავები და შვეულმფრენები, რათა შეძლოს შეასრულოს მტრის შემოჭრისგან დაცვის ამოცანები”.

მისი თქმით, “რესპუბლიკას ჰქონდა არმიის გადაიარაღების, აღჭურვის და წვრთნის შესაძლებლობა სტრატეგიულ მოკავშირესთან – რუსეთის ფედერაციასთან ერთად. იყო შესაბამისი წინადადება, დასახული იყო მისაღები პირობები, გათვლილი იყო ყველა უპირატესობა, მაგრამ ეს არ მოხდა”.

“დღეს ამ ყველაფრის კეთება თავად გვიწევს: ჩვენივე სახსრებით გვიწევს თვითმფრინავების შეკეთება, ყაზარმების შენება, შეიარაღებული ძალების პერსონალის აღჭურვა, დრონების და სხვა ტექნიკის ყიდვა და წარმოება. სამწუხაროდ, ჩვენ მიერ გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ არის“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

მისი თქმით, “აფხაზეთი, დღევანდელი გლობალური დაპირისპირების ერთ-ერთი მტკივნეული წერტილია და დასავლეთს, შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნებს არ სურს აფხაზეთი მსოფლიოს ნაწილად იხილოს”.

„მათ სურთ, ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში და სისტემატიურად მუშაობენ, რომ ეს მოხდეს. ეს სჭირდებათ, რომ მსოფლიოს დაანახონ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარების უმნიშვნელობა, ასევე, დაანახონ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ პრობლემების გადაჭრის გასაღები მათ ჯიბეშია. ყველაფერს აკეთებენ, რომ აფხაზეთში განვითარება არ მოხდეს“, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები