„მხედველობის ღმერთი“ – ექიმი, რომელმაც 150 000 უსინათლოს თვალი აუხილა
ესაა სანდუკ რუიტი, მეტსახელად „მხედველობის ღმერთი“ და მას 150 000 ადამიანისთვის აქვს თვალი ახელილი. მისი ამბავი კი ზუსტად ისეთია, როგორსაც „გმირის მოგზაურობა“ მოითხოვს:
13 წლის რომ იყო, როგორც ბევრი ნეპალელი, ისიც მასწავლებლობაზე ან წვრილმანი ნივთებით მოვაჭრეობაზე ოცნებობდა, რადგან ისინი დიდი ხალხი იყვნენ, ფული ჰქონდათ და რუიტის აზრით, ბევრი კარგის გაკეთება შეეძლოთ ოჯახისთვის.
თუმცა, 17 წლისას უმცროსი და, 15 წლის იანგლა ტუბერკულოზით გარდაეცვალა და თინეიჯერი ბიჭი ცხოვრებაზე დაფიქრდა. ამ ტრაგედიამ თვალი აუხილა და მიხვდა, რომ თითქმის 60 მილიონი კაცი, ვინც 3000 მეტრზე ზევით ცხოვრობს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში, მოკლებულია ჩვეულებრივ სიკეთეებს, მათ შორის, სამედიცინო მომსახურებას. რუიტმა გადაწყვიტა, ესწავლა და ოჯახიდან წავიდა (მამა გვერდში ედგა გადაწყვეტილებისას).
ამ დროს გამოჩნდა მის ცხოვრებაში მენტორი, ავსტრალიელი ქირურგი ფრედ ჰოლოვსი, ვინც, როგორც იტყვიან, ექიმად აღზარდა ახალგაზრდა, ენთუზიაზმით სავსე ექიმი.
სანდუკმა 80-იანების მერე ბევრ ქვეყანაში იმუშავა, აკეთებდა ოპერაციებს და ცდილობდა განვითარებულიყო, რაღაც მომენტის შემდეგ კი, გადაწყვიტა დასავლური მედიცინისა და მშობლიური, ტიბეტურის შერწყმით, თავისი, ახალი მიმართულება შეექმნა, რასაც ჯანდაცვის Face ფიგურების მხრიდან დაცინვა, პროტესტი და ლიცენზიის შეჩერების მუქარა მოჰყვა, მაგრამ სანდუკს გზა არჩეული ჰქონდა და თავის მიერ შექმნილი კატარაქტას ბროლიც დააპატენტა. აი, ამის მერე დაიწყო ნამდვილი თავგადასავალი.
სანდუკმა ათასობით ადამიანს დაუბრუნა მზის სინათლე. დადიოდა თავისი მოძრავი კლინიკით „ზეცის სოფლებში“, ზღვის დონიდან 4 000 მეტრზე, სადაც ულტრაიისფერი სხივების გამო, ხშირად ბრმავდებიან ადამიანები და თვალის ჩინს უბრუნებდა ხალხს.
ამას აკეთებდა სრულიად უსასყიდლოდ, საკუთარი ძალებით, ენთუზიასტი თანაშემწეების დახმარებით. დანაზოგს ახმარდა ადამიანებს და მალე, მასზე სიუჟეტის გაკეთების შემდეგ, კეთილშობილი დამფინანსებლებიც გამოჩნდნენ, ვინც სანდუკ რუიტს კარგი საქმის გაკეთებაში უწყობდნენ ხელს.
ის დღემდე აკეთებს ოპერაციებს. თუ ვიცოცხლებ, 1 მილიონ კაცს დავუბრუნებ მზერას, რადგან ეს არის, რაც გამომდის და რითიც სამყაროს შემიძლია, დავუბრუნო ჩემი არსებობის გამართლებაო, ამბობს.
თითო ოპერაციას 30 წუთამდე ანდომებს და ხან დღეში 16 საათი შეუჩერებლივ მუშაობს, რადგან მასთან პაციენტები ოჯახის წევრებს ზურგით მიჰყავთ გაჭირვების გამო.
სანდუკ რუიტი საინტერესო მაგალითია ფორმულისა – „თქვენ ხართ დედამიწის მარილი” და იმისაც, რომ ღმერთმა ჩვენც პოტენციურ ღმერთებად შეგვქმნა სიტყვით – „მიემსგავსეთ მამას”.
და, აი, სანდუკ რუიტი მიემსგავსა მამას, მას „მხედველობის ღმერთს“, უსინათლოთა იმედს ეძახიან.
მას შეუძლია თვალი აუხილოს ბრმას და თუ მოინდომებს, ალბათ მთებსაც მოუნაცვლებს ადგილს, რადგან სწამს იმისი, რასაც აკეთებს.
გურამ მეგრელიშვილი